აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ BBC-ი წერს.
კენჭისყრაზე აღნიშნულმა ინიციატივამ როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელების მხარდაჭერა მოიპოვა.
ამის შემდეგ დოკუმენტი სენატს გადაეგზავნება, საბოლოოდ კი მას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.
ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება განხილვები სენატში. თეთრ სახლში კი თავის მხრივ აცხადებენ, რომ ტრამპს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, მოაწერს ხელს თუ არა დოკუმენტს.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი საქართველოს მხარდაჭერასაც ითვალისწინებს. მასში ნათქვამია, რომ რუსეთი კვლავ არ ასრულებს 2008 წლის აგვისტოში გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული ჯგუფებისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დაუბრკოლებელ შესვლას ითვალისწინებს.
კონგრესმენების აზრით, აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა მოუწოდოს რუსეთს, რომ მოსკოვმა გაიყვანოს ჯარი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიიდან.