26 ივლისს, 20:30 საათზე, სასტუმრო „რუმსში“, კურორტ „კოხტა მიტარბის“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციას „თიბისი“ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიებაზე ასევე მოწვულია საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია.
პროექტი ბაკურიანში, „კოხტა-გორას“ მიმდებარე ტერიტორიაზე და მიტარბში საერთაშორისო სტანდარტების ოთხ სეზონიანი კურორტის მშენებლობასა და განვითარებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სასტუმროებისა და აპარტამენტების კომპლექსის მშენებლობა.
პროექტის დაწყებამდე 2015 წელს გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია (GRDC) და სახელმწიფოს შორის, რომელიც კერძო კომპანიის მხრიდან სასტუმროებისა და აპარტამენტების კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან ინფრასტრუქტურის მოწყობას, ახალი სათხილამურო ტრასების მშენებლობას.
პროექტის განვითარების პროცესში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს განაშენიანების რეგულირების გეგმას, რომელიც დამუშავდა მსოფლიოში ცნობილი ფრანგული კომპანიების „GEODE“ და „COMPAGNIE DES ALPES „ მონაწილეობით.
სასტუმროებისა და აპარტამენტების კომპლექსები განაშენიანდება ეწ „სქი ინ სქი აუთ“ კონცეფციით, რაც ითვალისწინებს საცხოვრებელი აპარტამენტებისა და სასტუმროების ინტეგრირებას სათხილამურო ტრასებთან მომხმარებლების მაქსიმალური კომფორტის გათვალისწინებით.