27 ივლისს, სასტუმრო „ბილტმორის“ კონგრესჰოლის ფოიეში საჭადრაკო მსოფლიო თასთან დაკავშირებით გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ – აკაკი ლოდიამ, თბილისის მერმა – დავით ნარმანიამ, 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორმა და ამავდროულად, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტა ზურაბ აზმაიფარაშვილმა, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ და კომპანია „სოკარის“ წარმომადგენელმა ლევან გიორგაძემ.
საჭადრაკო მსოფლიო თასის ისტორიაში პირველად ტურნირში მონაწილეობს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი – მაგნუს კარლსენი, რომელიც მსოფლიოს უძლიერეს მოჭადრაკეებთან ერთად ასპარეზობაში თბილისში 2 – 28 სექტემბერს ჩაერთვება.2017 წლის ფიდეს კალენდრის მთავარი ღონისძიება – საჭადრაკო მსოფლიო თასი თბილისში 48 ქვეყნის 128 მოჭადრაკეს მოუყრის თავს. ტურნირში სრულად მონაწილეობს ფიდეს რეიტინგ-ლისტის TOP თხუთმეტივე მოჭადრაკე.
საქართველოდან საჭადრაკო მსოფლიო თასის მოსაპოვებლად იბრძოლებენ:
• ბაადურ ჯობავა
• მიხეილ მჭედლიშვილი
• ლევან ფანცულაია
• ნანა ძაგნიძე
საჭადრაკო მსოფლიო თასი იმართება „Check in Georgia Sport“-ის ფარგლებში.
საჭადრაკო მსოფლიო თასი ერთგვარი წინამოსამზადებელი ღონისძიებაა ქვეყანაში მსოფლიო ოლიმპიადის წინ, სადაც 190 ქვეყნის ვაჟთა და ქალთა ნაკრებები იღებენ მონაწილეობას და რომელიც 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ბათუმში გაიმართება.
ორგანიზატორები:
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო;
თბილისის მერია;
2018 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი;
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია;
საჭადრაკო მსოფლიო თასის წარმდგენია კომპანია „სოკარი“.