ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოს კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს წერილი მისწერა, რომელსაც პარტია „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს.
„როგორც ადრე აღვნიშნე, ვენეციის კომისია დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის მეშვეობით უნდა გამოიძებნოს, რისი მიზანიც ყველაზე ფართო კონსენსუსის მიღწევა უნდა იყოს. თუ საქართველოს პოლიტიკურ ძალებს სურთ შეხვედრა შესაძლო კომპრომისის განსახილველად, ვენეციის კომისია მზად არის ხელი შეუწყოს ამგვარ დისკუსიებს“, – წერს ჯანი ბუკიკიო.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი მხარეებს 6 სექტემბერს სტრასბურგში შეხვედრას სთავაზობს, სადაც ერთმანეთს მმართველი კოალიციისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვდებიან. ჯანი ბუკიკიო საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ეს შესაძლებლობა გამოიყენონ, რომ კონსტრუქტიული კომპრომისი გამოიძებნოს.
მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსენსუსისა და გარკვეულ საკითხზე შეთანხმების შემთხვევაში, მმართველმა გუნდმა შესაძლოა საშემოდგომო სესიაზე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები წარადგინოს და საშემოდგომო სესიაზევე პირველი და მეორე მოსმენით მიიღოს, 2018 წლის საგაზაფხულო სესიაზე კი, მესამე მოსმენით დაამტკიცოს. შესაბამისად, როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, 2018 წლის არჩევნებამდე კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ასახვა მოესწრება.