ისნის ბაზრობაზე ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია. სახანძრო მანქანებმა ტერიტორია უკვე დატოვეს. დამწვარია 15- მდე მაღაზია.
“ხანძარი ბაზრობის შუაგულში გაჩნდა, რომლის ჩაქრობაც გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. დამწვარია 1200 კვადრატული მეტრი ფართი. ადგილზე 20 მანქანა მუშაობდა, ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია პირველი, მეორე და მესამე რიგები. იყო მცირე აფეთქებები, საბედნიეროდ დაშავებულები არ არიან,”- განაცხადა საგანგებო სიტუაციების თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით გელაშვილმა.
დაზარალებულები ბაზრობის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. ისინი ისანში მეორადი ნაწილების ბაზარში ხანძრის შედეგად მიყენებულ ზიანზე საუბრობს. ერთ-ერთი მოვაჭრე ემზარ ლეთოდიანი ამბობს, რომ ზარალი 40 000 დოლარამდეა. დაზარალებულის თქმით, მოვაჭრეებს მაღაზიები დაზღვეული არ აქვთ.
ამ დროისთვის ხანძრის ადგილს ექსპერტები ათვალიერებენ.
ისნის ბაზრობაზე ხანძარი გამთენიისას გაჩნდა. ადგილზე 20 სახანძრო ბრიგადა და 100-მდე მეხანძრე მუშაობდა.