პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანის განცხადებით, „ეთიკის კოდექსის“ სამუშაო ვერსია უკვე შემუშავებულია, რომელიც ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის ფარგლებში მომზადდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
მისი თქმით, დოკუმენტის სამუშაო ვერსია პარლამენტის წევრის სტატუსიდან გამომდინარე, დეპუტატის ქცევას ადგენს და წესებს განსაზღვრავს, რაც მან თავისი საქმიანობისას, ასევე კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას უნდა გაითვალისწინოს.
პარლამენტის წევრისთვის ეთიკის კოდექსის დაცვა სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია სანქციები. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუკი დეპუტატი ეთიკის კოდექსით განსაზღვრულ ნორმებს არ დაიცავს, მას შესაძლოა, ფულადი სანქცია დაეკისროს, ან საერთაშორისო მუდმივმოქმედ დელეგაციებსა და ოფიციალურ ვიზიტებში მონაწილეობა გარკვეული დროით შეუჩერდეს.
„ეთიკის კოდექსის“ სამუშაო ვერსიით, პარლამენტის წევრი ვალდებულია, საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა რეგლამენტით დადგენილი წესით მიიღოს. ასევე, ხელმისაწვდომი გახადოს სამსახურეობრივი საკონტაქტო ინფორმაცია. დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტის წევრმა საკუთარი სტატუსი და პრივილეგიები ოჯახისა და ახლო ნათესავების ინტერესების სასარგებლოდ არ უნდა გამოიყენოს.
ამასთან, „ეთიკის კოდექსის“ სამუშაო ვერსიით გათვალისწინებულია პარლამენტის წევრთა მიერ სხვისადმი მიმართვის ფორმები. კერძოდ, დოკუმენტით, პარლამენტის წევრმა პარლამენტის სხვა წევრებსა და მოქალაქეებს პატივისცემით უნდა მიმართოს. მან მოქალაქეებთან ურთიერთობისას, საჯარო გამოსვლისას და საპარლამენტო დებატების დროს კორექტული ლექსიკა უნდა გამოიყენოს. პარლამენტში დაუშვებელია შეურაცხმყოფელი, პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებები და უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლები და სიძულვილის ენის გამოყენება.
„ეთიკის კოდექსის“ სამუშაო ვერსიით ასევე გათვალისწინებულია ეთიკის საბჭოს შექმნაც, რომელიც პარლამენტის წევრების მიერ ეთიკური ნორმების დარღვევაზე იმსჯელებს.
საკანონმდებლო ორგანოს „ეთიკის კოდექსი“ განსახილველად საშემოდგომო სესიაზე წარედგინება და არ არის გამორიცხული, დოკუმენტმა გარკვეული ცვლილება განიცადოს.