ჯანსაღი ცხოვრების წესი ყოველთვის სპორტთან ასოცირდებოდა. ქართული ჭიდაობა ერთ-ერთი მათგანია, რომელიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს და თავდაპირველად საბრძოლო ხასიათის იყო. ისტორიას ახსოვს უამრავი ქართველი ფალავანი რომელთა სახელს უკავშირდება არაერთი გამარჯვება არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.
ამ ცხოვრებაში ყველა ადამიანი საკუთარი ინტერესის სფეროს პოულობს. ზოგი დაბადებიდანვე ნიჭიერი იბადება, ზოგიც კი, შემდეგ თავად ანვითარებს საკუთარ ნიჭს. ჩემი აზრით არ არსებობს უნიჭო ადამიანი, პოტენციალი ყველა ადამიანშია ჩადებული, მთავარია შენ შეძლო ამ პოტენციალის აღმოჩენა, განვითარება და არ მისცე საკუთარ თავს მისი დაკარგვის უფლება. დღევანდელი ჩვენი რესპოდენტი, პირველ კატეგორიას ეკუთვნის, ამას იმიტომ ვაბობ, რომ ის 23 წლის ასაკში უკვე მსოფლიო ჩემპიონია, ძალიან ბევრი ადამიანისთვის მისაბაძი ახალგაზრდაა.
The Tbilisi Times საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრს, 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონ, გენო პეტრიაშვილს ესაუბრა. შრომისმოყვარე, მიზანდასახულ, უკვე წარმატებულ ახალგაზრდა სპორტსმენზე, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის სხვა დეტალებზე ინტერვიუდან შეიტყობთ.
პირველ რიგში, გილოცავთ მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას და გისურვებთ წარმატებებს. მოგვიყევით თქვენს ბავშვობაზე, რატომ დაინტერესდით ჭიდაობით?
– გმადლობთ, როგორც ყველა ბავშვს მეც მომწონდა სპორტის ეს სახეობა და ჩემმა მწვრთნელმა დამაწყებინა ამ კუთხით მუშაობა.
რა ასაკიდან დაიწყეთ სპორტული ცხოვრება და გვესაუბრეთ თქვენს მიღწევებზე…
– 6 წლის ასაკიდან დავიწყე ჭიდაობა, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი ვარ.
მოგვიყევით თქვენს ოჯახზე. მათ რა წვლილი შეიტანეს თქვენს სპორტულ კარიერაში? როგორი იყო მათგან ხელშეწყობა.
– მყავს დედა, მამა და ორი ძმა, ძალიან დიდი როლი ითამაშეს მათ ჩემს სპორტულ განვითარებაში, მუდამ გვერდში მიდგანან.
ვიცით, რომ თქვენს ცხოვრებაში ჭიდაობა უმთვრესია, მაგრამ გაქვთ თუ არა სხვა ინტერესები ან სპორტის რომელიმე სახეობით ხომ არ ხართ კიდევ დაინტერესებული? რა არის თქვენი ჰობი?
– სპორტის სხვა სახეობით არ ვარ დაინტერესებული, მიყვარს ორთაბრძოლები. ჰობს რაც შეეხება ბუნება და ლაშქობები მიყვარს.
განცდა რომელიც თან ახლდა მსოფლიო ჩემპიონის წოდებას…
– არ ვიცი, ვერ გეტყვით, უბრალოდ ძალიან გამიხარდა.
ჩემთვის ერთ-ერთი უდიდესი მწვერვალია მსოფლიო ჩემპიონობა.
თქვენ უკვე დიდი ხანია ჩართული ხართ სპორტში, რამდენად იზრდება თავისუფალი ჭიდაობის მიმართ ინტერესი, თუ ინტერესდებიან ბავშვები, ახალგაზრდები სპორტის ამ სახეობით?
– ჩემთვის მნიშვნელოვანია სპორტის თემა, რადგან ბევრი ბავშვი მინდა დაკავდეს ჯანსაღი ცხოვრებით, არ აქვს მნიშვნელობა, სპორტის რომელ სახეობაში ცდიან თავიანთ თავს, მთავარია თაობა იყოს ჯანსაღი.
თქვენთვის, როგორც პროფესიონალი სპორტსმენისთვის, ალბათ, მნიშვნელოვანია კვების რაციონი, თუ შეიძლება დეტალურად მესაუბროთ, როგორ აკონტროლებთ კვების რაციონს?
– კვების კონტროლი არის მნიშვნელოვანი და ჩვენც პირადი ექიმების შერჩეული რაციონით ვიკვებებით, რასაც უშუალოდ სპორტული კვება მოიცავს.
რა გაძლევთ ცხოვრებაში მოტივაციას იმისთვის, რომ განვითარდეთ პიროვნულ და პროფესიულ ასპარეზზე?
– ვერ გეტყვით, ალბათ, მოტივაციას მაძლევს ის, რომ ჩემს უკან ჩემი ოჯახი და მთლიანად საქართველოა.
ჩვენ არ ვეკუთვნით მარტო ჩვენ თავებს, ჩვენ ერის სახელით ვიბრძვით და გვინდა, რომ ჩვენი ერი და სამშობლო ვასახელოთ.
არც ისე დიდი ასაკის ხართ, როგორ ერთობით, სად/ვისთან გრძნობთ თავს კომფორტულად?
– გართობის დრო არ გვაქვს, თუმცა მიყვარს მეგობრებთან და ახლობლებთან ყოფნა.
თქვენი აზრით, როგორი პოპულარობით სარგებლობენ სპორტსმენი მამაკაცები ქალბატონებში. რა განწყობა არსებობს ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების სტილისა და სპორტის მიმართ საზოგადოებაში?
საზოგადოებას მოსწონს და უყვარს ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრები და სპორტსმენები. რა თქმა უნდა, ისინი ჩვენს მიმართ სითბოს გამოხატავენ.
ახლა უკვე გამოცდილი, ტიტულოვანი სპორტსმენი ხართ. რა რჩევებს მისცემდით დამწყებ ფალავნებს?
– უნდა მოინდომონ და არ იზარმაცონ, მიზნად უნდა დაისახონ, რომ გახდნენ ჩემპიონები და აუცილებლად გაამართლებს.
როგორ წარმოგიდგენიათ თავი 10 წლის შემდეგ და რომ არა ჭიდაობა, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება?
– რომ არა ჭიდაობა, ალბათ, სხვა სპორტში ვიქნებოდი ჩართული, რადგან მიყვარს სპორტი და სპორტული ცხოვრება.
თუ შეგიძლიათ თქვენს გეგმებზე მესაუბროთ. რა მიზნები აქვს მსოფლიო ჩემპიონ გენო პეტრიაშვილს სამომავლოდ….
– გეგმებზე რა გითხრათ, გავაგრძელებთ მზადებას მომავალი შეჯიბრებებისთვის.
ეკა წიკლაური
Discussion about this post