ბოლო დროს ხშირად იმეორებენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი წინამძღვრის ილია მეორის სიტყვებს, რომ სიღარიბეს არ უნდა მივეჩვიოთ. მიუხედავად იმისა, რომ სახარებაში მდიდრებთან დაკავშირებით რამდენიმე უარყოფითი მითითება გვხვდება, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტიანობა სიღარიბესა და ღარიბებს ამართლებს. ძველი აღთქმის ბევრი მამამთავარი საკმაოდ შეძლებული იყო. მათ უმრავლესობას, მაგალითად იაკობს, მრავალი წელი დასჭირდა სიმდიდრის მოსახვეჭად. იობის წიგნი მოგვითხრობს, როგორ გამდიდრდა იობი და სიმდიდრესა თუ სიღარიბეში მაინც ღვთის ერთგულ, მართალ ადამიანად დარჩა.
ღვთის რჩეული ერი, ისრაელი, ყოველთვის მიისწრაფოდა სიმდიდრის შეძენისკენ. ერი რაც უფრო ბარაქიანი იყო, მით დიდი იყო რწმენა იმისა, რომ ღმერთი მათ გვერდით იდგა. აღნიშნული იდეა, რომ გამდიდრება ღვთის წყალობის ნიშანია, პროტესტანტულ რელიგიებშიც გავრცელდა. თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობდა ქონების არაკანონიერი გზით მოხვეჭას. ამ თემას წიგნიც მიუძღვნა ცნობილმა სოციოლოგმა მაქს ვებერმა (“პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სული“). დაზოგვისა და მომჭირნეობისკენ მოწოდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში საუკუნეების წინაც ისმოდა. “თბილისი თაიმსი” გთავაზობთ ამონარიდს წმინდა მღვდელმთავრის გაბრიელ ქიქოძის მიერ გელათის ტაძარში წარმოთქმული ერთ–ერთ ქადაგებიდან:
“ახლა ერთს რასმე გეტყვი კიდევ, ძმაო მართლ-მადიდებელო, და კარგად, დამიგდე ყური. თქვენ ყოველთა იცით და მტკიცედ ასრულებთ ერთს ჩვეულებას, რომლისაგან სარგებლობა სულ არ არის და ზარალი კი დიდი. ეს ჩვეულება არის აღაპი მიცვალებულზედ. ძველს დროებაში აღაპს სხვა დანიშნულება ჰქონდა; მაშინ მიცვალებულის სულის საოხად მოიყვანებდენ ღარიბებს, გლახაკებს, დავრდომილებს, აჭმევდნენ მათ და სამოწყალოს მისცემდენ. ხარჯი იმოდენი არა მოუვიდოდათ რა და სამადლობელი საქმე დიდი იყო. ახლა კი ღარიბს და გლახაკს არავინ დაჰპატიჟებს არამედ მდიდარს მეზობელს, მოყვრებს და ნათესავებს; ხარჯი დიდი მოუვათ; უკანასკნელმა კაცმა უნდა დაჰკლას ძროხა; თუ არა ჰყავს, ვალი უნდა აიღოს და იყიდოს. რა სარგებლობა აქვს მიცვალებულს ამ აღაპისაგან? არაფერი! ერთი მხოლოდ უგუნური ხარჯი მოუვა ჭირისუფალს.”
საქართველოში მიცვალებულის სახელზე აღაპის, იგივე ქელეხის, გადახდა მტკიცე ტრადიციაა, რასაც უმრავი ადამიანისთვის ვალისა და თავსატეხის მეტი არაფერი მოუტანია. თუმცა მღვდელმთავარი გაბრიელი სხვა წეს-ჩვეულებებსაც ჩამოთვლის, რომელთა გადახედვაც მნიშვნელოვანია სიღარიბის დასაძლევად:
“გარდა ამისა რაოდენი უჭკუო და უზომო ხარჯი იცით სოფლის მცხოვრებთა ტაძრის დღეობაზედ, ქორწილზედ, ნათლობაზედ! მიკვირს მე მდაბიური კაცის ჩვეულებათა უგუნურება. ყური რომ დაუგდოს კაცმა, ყოველთვის ტირის თავის სიღარიბეს, ყოველთვის ემძიმება გადასახადის მიცემა; რომ შეხედო მის პატარა შვილებს, ტიტვლები დადიან, თითონაც ხშირად ქალამანი არ აცვია, ზამთარში ტფილი ახალუხი ვერ შეუკერავს, და ტაძრის დღეობაზედ, ქორწილზე, ანუ აღაპზედ ხარჯს უზომოდ გასწევს, ისე რომ იმ ერთს დღეს მრთელის წლის სარჩოს დაჰხარჯავს.”
გაბრიელ ქიქოძე სხვა ქადაგებებში შინაარსდაცლილ გარეგან მოწესეობასაც ამხელს. მისი ქადაგებები გამსჭვალულია პრაქტიკული რჩევებით, რომლებიც მრევლის სულიერ და მატერიალურ განმტკიცებას ემსახურება. ის არ უარყოფს ტრადიციებს, მაგრამ მიაჩნია, რომ ამა თუ იმ წესის აღსრულებას ისე არ უნდა გადაჰყვეს ადამიანი, რომ ბოლოსდაბოლოს საკუთარ კეთილდღეობასაც ბოლო საყრდენი გამოაცალოს.
“მოიშალე, ძმაო, ეს ჩვეულება: აღაპს ნუ იხდი, ტაძრის დღეობას ხარჯი შემოაკლე და ყოველს წელიწადს გადარჩება საკმაოდ შემოსავლისაგან. მკითხავები ხშირად შეგაგონებენ, რომ აღაპი გაუკეთე მიცვალებულსაო; ნუ დაიჯერებ დედაბრულთა მათ ზღაპართა და აღარ იქმნები ისე ღარიბი და საწყალი, როგორც ახლა ხარ.”
სიღარიბე არასდროს ყოფილა ქრისტიანობის არჩევანი და მოთხოვნა. მაცხოვრის სიტყვები, “წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი” სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ყველა მოქმედება ზომიერებას მოითხოვს. თავად ქრისტე იყო ის, ვინც გააუქმა მსხვერპლშეწირვა. იესომ მსხვერპლის ნაცვლად წყალობის, მოწყალების ცნება შემოიტანა, რაც ადამიანის გულისა და გონების თანხმობის შედეგი უნდა იყოს ვისამე საკეთილდღეოდ, და არა საზოგადოებრივი აზრის საამებლი გარეგნული ქმედება.
მარიამ ქალებაშვილი
Discussion about this post