პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებზე აცხადებს, რომ პოლიტიკური შეფასებები უადგილოა.
“ჩემი აზრით, სამართლებრივ კაზუსთან გვაქვს საქმე. ჩვენი ქვეყნისთვის მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური წარსული. ძალიან სამწუხარო წარსული და ისიც ძალიან სამწუხაროა, რასაც დღეს ჩვენ ვუყურებთ. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, ამაზე სჯობს იმ ინსტიტუტებმა გააკეთონ კომენტარი, რომელთაც ეს ხელეწიფებათ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შესვლაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პოლიციის ცნობით, შეგინის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მომხდარის გამო სისხლის სამართლის საქმე საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით აღიძრა. ამ დანაშაულისთვის უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.