დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს ბიუჯეტი აღარ დააფინანსებს და ე.წ „საზედამხედველო საფასურის“ გადახდა სადაზღვევო კომპანიებს მოუწევთ. კანონპროექტის მიხედვით, „საზედამხედველო საფასური“ განისაზღვრება მზღვეველის გამომუშავებული პრემიის 1%-ის ან/და მოგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობებში მზღვეველების კუთვნილი შემოსავლის 1%.
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის ბიუჯეტი 1 180 000 ლარს შეადგენს. საზედამხედველო სფეროში შემავალი პირების მიერ სამსახურის დაფინანსების შემთხვევაში სამსახურის ბიუჯეტი 2018 წლისათვის სავარაუდოდ იქნება 4 000 000 ლარი, საიდანაც სამსახურის მიერ კანონით გათვალისწინებული გადასახადებით, გარდა საშემოსავლო გადასახადისა, სახელმწიფო ბიუჯეტისათვის გადასახდელი ოდენობა სავარაუდოდ შეადგენს 1 000 000 ლარს.
„დაზღვევის შესახებ კანონში“ ცვლილებების პროექტი უკვე პარლამენტშია. დოკუმენტს პირველი მოსმენით დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.