დღეს, ახალი სტილით 21 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობას ზეიმობს. ქალწული მარიამი მოიხსენიება როგორც მეორე ევა, რომელმაც კაცობრიობას მხსნელი მოუვლინა. ღვთისმშობლის შობისა და ყრმობის შესახებ ინფორმაცია დაცულია იაკობის აპოკრიფულ სახარებაში, რომელიც ეკლესიის მიერ შეწყნარებული ტექსტია.
„თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ იაკობის სახარების რამდენიმე თავის რეზიუმეს, რომელიც მარიამის ამქვეყნად მოვლინებას ეხება.
აპოკრიფის თანახმად, იოაკიმე საკმაოდ შეძლებული ადამიანი იყო ისრაელის თორმეტ ტომში და მოწყალებასაც ორმაგად გასცემდა. ერთხელაც უთხრეს, რომ უშვილობის გამო არ ჰქონდა უფლება, ტაძარში პირველს მიეტანა შესაწირი. ძველი ებრაული ტრადიცია მიიჩნევდა, რომ წყვილზე, რომელსაც შვილი არ უჩნდებოდა, ღმერთი იყო გამწყრალი. დამწუხრებული იოაკიმე უდაბნოში განმარტოვდა ისე, რომ თავის მეუღლეს ანნას არც დამშვიდობებია. უდაბნოში ორმოცი დღე მარხულობდა და განუწყვეტლივ იმეორებდა, რომ ლოცვა იქნებოდა მისი საკვები და წყალი მანამ, სანამ ღმერთი მის გულისტკივილს არ შეისმენდა.
ანნაც გლოვობდა ორი მიზეზის გამო, ქვრივი რომ იყო და ამასთან, უშვილოდ დარჩენილი. ერთ-ერთ მსახურ ქალთან უსიამოვნო საუბრის შემდეგ, ანნამ გადაწყვიტა სამგლოვიარო ტანსაცმელი გაეხადა და თავისი ქორწილის კაბა ჩაეცვა. შემდეგ ბაღში გავიდა სასეირნოდ და დაფნის ხესთან ჩამოჯდა. ზემოთ აიხედა და დაინახა, რომ ხეზე ბეღურებს ბუდე მოეწყოთ. ანნა მწარდე ატირდა და ღმერთს სთხოვდა შეწყალებას, ისევე როგორც ძველად სარა შეიწყალა და ნუგეშად ისააკი მოავლენინა.
მოულოდნელად უფლის ანგელოზი გამოჩნდა და აუწყა, რომ გააჩენდა ბავშვს, რომლის შესახებაც მთელი დედამიწის ზურგზე ილაპარაკებდნენ. ანგელოზი იოაკიმესაც გამოეცხადა და უთხრა, რომ შინ დაბრუნებულიყო, რადგან ღმერთმა მისი ლოცვა შეისმინა და ანნამ მუცლადიღო. ანნამ შინ მომავალი მეუღლე რომ დაინახა, გაიქცა და ყელზე შემოეხვია.
ცხრა თვის შემდეგ მათ გოგონა შეეძინათ და მარიამი დაარქვეს. როცა ბავშვი ექვსი თვის გახდა, დედამისმა ფეხზე დააყენა, რომ ენახა, შეძლებდა თუ არა სიარულს. მარიამმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და დედის მკერდს მიეკრა. ანნამ მარიამი ხელში აიყვანა და განიზრახა, რომ სანამ ბავშვს ტაძარში არ მიიყვანდნენ, მანამდე მიწაზე აღარ გაატარებდნენ. მარიამს საძინებელი ტაძარივით მოუწყეს, რომ შიგნით უწმინდური არაფერი შესულიყო.
მარიამი ერთი წლის რომ შესრულდა, დიდი დღეობა გადაუხადეს და მთელი ერი და სამღვდელოება დაპატიჟეს. მღვდლებმა ღვთისმშობელი შემდეგი სიტყვებით დალოცეს: „ღმერთო წინაპართა, დალოცე ეს ბავშვი და მარადიული დიდება მიანიჭე მის სახელს მომავალ თაობებში!“
ანნამ ბავშვი ისევ საძინებელში გაიყვანა, რომ ეჭმია. გახარებული დედა ამღერდა და მადლობდა ღმერთს, რომ სიმართლის ნაყოფი გამოუჩინა: „ისმინე, ისრაელის თორმეტო ტომო: ანნა ძუძუთი კვებავს თავის ბავშვს!“
22 სექტემბერი კი წმინდა მშობლების, ანნას და იოაკიმეს, ხსენების დღედაა დადგენილი.
მარიამ ქალებაშვილი