„საქართველო პირველად თავის ისტორიაში გახდა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა. ეს პატარა ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობის საკითხია, შესაძლებლობა გვექნება გავაცნოთ მსოფლიოს ჩვენი მიღწევები“ , – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ. ღია მმართველობის ინიციატივის ფორუმს,რომელშიც 75 ქვეყანაა გაერთიანებული, საქართველო უხელმძღვანელებს. ამ საერთაშორისო სტატუსის მნიშვნელობაზე და დადებით მხარეებზე, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
„საქართველოს აქვს საშუალება მოახდინოს გამოცდილების ექსპორტი ღია მმართველობის წევრ ქვეყნებს შორის. ასეთები არიან განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებიც. ჩვენი მიღწევები მოქალაქეების ჩართულობის, გადაწყვეტილებების მიღების, კორუფციასთან ბრძოლის საქმეში,რითაც ვამაყობთ შეგვიძლია სხვებსაც გავუზიაროთ.
2013 წელს მთავრობამ მიიღო დადგენილება, შედგა ნუსხა იმ საჯარო ინფორმაციისა,რომელიც თითოეულმა საჯარო დაწესებულებამ უნდა გამოაქვეყნოს მანამ,სანამ ვინმე მოითხოვს. ეს არის სავალდებულო,ამიტომ სავარაუდოდ ყველა ასრულებს. გვინდა,რომ რასაც აქ მივაღწიეთ, სხვა ქვეყნებსაც გავუზიაროთ, ასევე მოქალაქეთა ჩართულობის მხრივ.
ჩვენ გვაქვს ბიზნესსახლის ინიციატივა,ეს ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის. სპეციალურად ბიზნესის წარმომადგენლებისთვის სერვისების მიწოდება მოხდება მეგობრულ გარემოში,დაახლოებით იუსტიციის სახლის მსგავს პირობებში“, – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
მანანა ღოღობერიძე