საქართველოს მასშტაბით 2017-2018 სასწავლო წელი დაიწყო. ახალი სასწავლო წელი სხვადასხვა ცვლილებებთან, ახალ იდეებთან, მიზნებსა თუ შემართებასთან ასოცირდება. საინტერესოა, ამ მხრივ, ქართველ მოსწავლეებს რა სიახლეები ელოდებათ. იგეგმება თუ არა, სასწავლო სისტემაში, ახალი საგნის დამატება, რა სახის პროექტების განხორციელებაა მოსალოდნელი სკოლებში და ზოგადად, რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ ახალ სასწავლო წელს? აღნიშნულ საკითხებზე The Tbilisi Times, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა.
2017- 2018 სასწავლო წლისთვის, განათლების სამინისტრო რა სიახლეებს გეგმავს? სასკოლო პროგრამაში რაიმე ახალი საგნის დამატება ხომ არ იგეგმება?
– 2017-2018 სასწავლო წელი მოსწავლეებისთვის, როგორც ფორმალური განათლების ნაწილში, ისე დამატებითი აქტივობების თვალსაზრისით ძალიან საინტერესო, აქტიური და შინაარსიანი იქნება. საინტერესო იქნება გაკვეთილები, რომელსაც ჩვენი მასწავლებლები ჩაატარებენ, ვინაიდან ზაფხულის განმავლობაში პედაგოგებს, სხვადასხვა მიმართულებით პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ძალიან ბევრი საინტერესო ტრენინგი ჩაუტარდათ. ხოლო თემებზე, როგორ გახდნენ სასწავლო პროცესის ლიდერები, როგორ დაეხმარონ მასწავლებლებს იმაში, რომ საგაკვეთილო პროცესი უფრო უკეთესი, საინტერესო, ინტერაქტიული და შედეგზე ორიენტირებული გახდეს, ტრენინგები სკოლების ადმინისტრაციების წარმომადგლებსა და დირექტორებსაც ჩაუტარდათ. ამიტომაც ვიმედოვნებთ, რომ წელს გაკვეთილები მეტად ეფექტური და საინტერესო იქნება.
რაც შეეხება სიახლეებს, განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებში ახალი პროგრამის განხორცილებას გეგმავს, რომელიც მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს. შრომითი უნარების განვითარების პროგრამის ფარგლებში, მოსწავლეებისათვის მათი ასაკის შესაბამისი, სახალისო, პრაქტიკული აქტივობების შეთავაზებაა დაგეგმილი. საუკეთესო იდეებისა და პროექტების გამოსავლენად, სამინისტროს მიერ კონკურსი გამოცხადდა. ასევე, კოლეჯებთან, უნივერსიტეტებთან, სკოლებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლებთან საინფორმაციო სახის შეხვედრები გაიმართება. ეს პროგრამა განათლების ყველა საფეხურის საგანმანათლებლო დაწესებულებას საშუალებას მისცემს გაერთიანდნენ და ურთიერთთანამშრომლობის გზით, ჩვენი მოსწავლეების სასკოლო ცხოვრება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადონ.
ხოლო, რაც შეეხება სასწავლო სისტემაში ახალი საგნის დამატებას, ამ მხრივ, არანაირი სიახლე არ არის.
გავრცელებული ინფორმაციით, განათლების მინისტრის ინიციატივის თანახმად, სკოლებში მოსწავლეების წასახალისებლად ვაშლების დარიგება იგეგმება. რას იტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით, იდეა საიდან წამოვიდა? სიახლე რეგიონების სკოლებსაც თუ შეეხებათ?
– მოგეხსენებათ, რომ სწორედ ქალაქებში არის არაჯანსაღი საკვების პრობლემა. ვაშლების განთავსება სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კამპანიის ფარგლებში, ბავშვების ცნობიერების ასალაღლებლად და ინფორმირებულობისთვის ხდება. აღნიშნული იდეა ბევრი სხვა ქვეყნის სკოლებშიც ხორციელდება. სწორედ ამიტომ, სამინისტრომ გადაწყვიტა ძალიან მცირე რესურსის ფარგლებში კონცენტრირებულიყო იქ, სადაც არაჯანსაღი კვების კუთხით მეტად მძიმე მდგომარეობაა. შესაბამისად, ვაშლები მხოლოდ თბილისის სკოლებში დარიგდება. პირველ ეტაპზე ვაშლებს, კვირაში ერთხელ, იმ სკოლების მოსწავლები მიიღებენ, რომელთა რაოდენობაც 1000-ს აღემატება. სკოლებში ვაშლები დეკემბრამდე დარიგდება.
გაჟღერებული ინფორმაციით, გარკვეული ცვლილებები სასკოლო სასადილოებსაც შეეხებათ. რა პროდუქტების აკრძალვა იგეგმება და რატომ?
– ახალი სასწავლო წლიდან სკოლის ბუფეტებში არაჯანსაღი პროდუქტის გაყიდვა იკრძალება. სასკოლო კვების ორგანიზებისას აიკრძალება – საღეჭირეზინის, კანფეტების, შოკოლადის, არომატიზებული წასახემსებლების (მაგალითად: ჩიფსები, ჟელიბონი და ა.შ.) გაყიდვა, გარდა თხილეულის, ხილისა და ბოსტნეულის, რომელთაც მარილი, შაქარი ან ცხიმი აქვთ დამატებული. იკრძალება ასევე – მაიონეზით შეზავებული პროდუქციის, სოკოს, ასევე და კონსერვებული პროდუქტების, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმის, მინერალური წყლის გარდა სხვა გაზიანი სასმელების, თერმულად დაუმუშავებელი კვერცხის გაყიდვა.
როგორც ცნობილი გახდა, განათლების სამინისტრო სამაგიდო თამაშების ტენდერს აცხადებს. კონკრეტული საკითხი რას მოიცავს?
– საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ახალი სასწავლო წლიდან, სკოლებში საპილოტე რეჟიმში სამაგიდო თამაშების შეტანას გეგმავს. დაწყებით კლასებში, სამაგიდო თამაშების გამოყენება სწავლებაში მსოფლიოში აპრობირებულია და პოპულარობით სარგებლობს. ეს თამაშებია – ასოებისგან სიტყვების შედგენა, ისტორიული მოვლენების შესასწავლი თამაშები, ლიტერატურული ნაწარმოებების შესასწავლი თამაშები. ჯერჯერობით ამას საპილოტე სახე ექნება. სკოლაში ყოველწლიურად სამაგიდო თამაშების ნაკრები განახლდება და ბავშვებს საშუალება ექნებათ მათემატიკა, ქიმია, ისტორია თუ ლიტერატურა, თამაშ-თამაშით ისწავლონ.
ნინო ზარიძე