ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის #6 საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში შემტვრეულია კარები, დაზიანებულია ინვენტარი და ჩამოხეულია ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია (კედლის სია). შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. ადგილზე შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.
ცესკოში აღნიშნავენ, რომ ეს ინციდენტი არ იქონიებს ზეგავლენას საუბნო საარჩევნო კომისიის ყოველდღიურ საქმიანობაზე. “დაზიანებული კედლის სია განკუთვნილია ამომრჩევლებისთვის, რომ მათ საკუთარი მონაცემები გადაამოწმონ. საარჩევნო ადმინისტრაცია უმოკლეს ვადაში უზრუნველყოფს ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსიის ხელახლა განთავსებას კომისიაში და მოქალაქეები კვლავ შეუფერხებლად შეძლებენ საკუთარი მონაცემების გადამოწმებას”, – ნათქვამია ცესკო მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მსგავსი შემთხვევა ორი დღის წინ გარდაბნის #31 საუბნო საარჩევნო კომისიაშიც დაფიქსირდა. “მიუღებელია ასეთი ძალადობრივი ქმედებები და იმედს იტოვებენ, რომ აღნიშნული ინციდენტები წარმოადგენს იზოლირებულ, დაუგეგმავ ერთეულ შემთხვევებს და არ მიიღებს საარჩევნო პროცესის დამაზიანებელ სისტემურ ხასიათს.”- აცხადებენ ცესკოში.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.