„თუ ახლა ივანიშვილი ვერ ხედავს,რომ ქვეყანაში უკვე არის პოლიტიკური კრიზისი, ეს ძალიან ცუდია“, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა „ტვ პირველზე“, გადაცემა „პირველების“ ეთერში ისაუბრა.
„როდესაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში იყო, მე მწვავე განცხადებებს ვაკეთებდი მის მიმართ, განსაკუთრებით როდესაც საყდრისი დაანგრიეს. დღეს ის ოფიციალურად არ არის პოლიტიკაში, მასთან არ მაქვს საომარი. პრეტენზია ის მაქვს,რომ ეს ხალხი მოგვიყვანა ხელისუფლებაში. არ მივიჩნევ ბიძინა ივანიშვილს არაფორმალურ მმართველად, ამ კონსტიტუციას უზურპაცია გაუკეთა კვირიკაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა.
ჩვენ ვიყავით ბუნებრივი პარტნიორები, მაგრამ ჩემსა და ივანიშვილს შორის გზები გაიყო საგარეჯოს არჩევნებისას. ვუფასებ რაც გააკეთა ქვეყნისთვის, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის კრიტიკაში. მე ბიძინა ივანიშვილის ვალი არ მქონია და არ მექნება არასდროს.“ , – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ყოფილ პრემიერს სიტყვით მიმართა და ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე განცხადების გაკეთება სთხოვა.
„თავის დროზე როდესაც პრემიერის პოსტს ტოვებდით, ბრძანეთ,რომ თუ ქვეყანაში შეიქმნება კრიზისი, გამოხვალთ და გააკეთებთ ქვეყნისთვის და ხალხისთვის სასარგებლო განცხადებას. თუ თქვენ ტელევიზორს არ უყურებთ, უკვე არის კრიზისი, ისეთი კონსტიტუცია მიიღო თქვენმა მოყვანილმა პოლიტიკურმა გუნდმა. ასეთი თავხედობის უფლება საკუთარი თავისთვის სააკაშვილსაც არ მიუცია“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე