გიორგი პეტრიაშვილი, უსინათლოთა საფეხბურთო ნაკრების წევრია. მას 4 თვის ლაბრადორის უსინათლოთა გამყოლ ძაღლად გაწვრთნა სურს, ამისთვის კი თანხა სჭირდება. როგორც გიორგი პეტრიაშვილი ამბობს, თუ სპორტის სამინისტრო ან სხვა სახელმწიფო უწყება დაეხმარება, ეს იქნება საქართველოში უპრეცედენტო შემთხვევა, რომ უსინათლოს გაწვრთნილი გამყოლი ძაღლი ეყოლება. ამის შესახებ მან „ტვ პირველზე“, „ინგა გრიგოლიას დღის ამბების“ ეთერში“ ისაუბრა.
„ცოცხალი არსების დახმარებით გადაადგილება მნიშვნელოვანია, თეთრი ჯოხი ბევრ ინფორმაციას გვაწვდის, მაგრამ ძაღლით გადაადგილება გვირჩევნია. თუ გავწვრთენი პირველი უსინათლოს გამყოლი ძაღლი იქნება ტობი.
„გადავწყვიტე უსინათლოს გამყოლად გამეწვრთნა. ბევრი ძებნის შემდეგ, შესაბამისი სპეციალისტი ვნახე, რომელიც მგონი ერთადერთია საქართველოში. თვითონ ნაკრებს არ აქვს საშუალება, რომ თანხა გამოყოს.ვესაუბრე სამინისტროს წარმომადგენელს და მითხრა,რომ დაინტერესებული იყო ამ საკითხით, მაგრამ ამ წლის ბიუჯეტში თანხა ვერ გამოიყოფოდა.
ახლა 4 თვის არის და მაქსიმუმ 2 კვირაში თუ დავიწყებთ გაწვრთანს, მოესწრება. პირველი 5 თვე საჭიროა საგანგებო წვრთნა,რომ დადინჯდეს და გადაადგილებაში დაეხმაროს უსინათლოს. ხელით,თეთრი ჯოხით გადაადგილება შემიძლია,მაგრამ უმეტესად მიქმნის პრობლემას,რომ არ არის ადაპტირებული გზები, ე.წ ბარდიულები ანგრეულია, ჭები რამდენიმე ადგილას ახდილია. მანქანები გაჩერებულია ტროტუარზე, შესაძლოა დავაზიანოთ ავტომანქანა და პატრული შეგვედავოს“ , – განაცხადა გიორგი პეტრიაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე