სასწავლო პროცესი სულ ახლახანს დაიწყო, თუმცა კითხვა, თუ როგორ შევაყვაროთ ბავშვს სწავლა, ყოველთვის აქტუალურია. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია შვილის მიმართ, მშობლის მიდგომა. მშობლის საქციელი.
თუ რა დროს და როგორი მეთოდით უნდა დავსვათ ბავშვი სამეცადინოდ, როგორი უნდა იყოს გარემო სადაც ის შეძლებს მეცადინეობას. როგორ დავარწმუნოთ ბავშვი, რომ რთული დავალებების შესრულება შეუძლია. აღნიშნული და სხვა აქტუალური საკითხებით „თბილისი თაიმსმა“ ფსიქოლოგ, ლელა ტყეშელაშვილს მიმართა.
პირველ რიგში, მინდა გკითხოთ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლას და პირველ მასწავლებელს, იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს სწავლა შეუყვარდეთ?
– მოგეხსენებათ, სასკოლო განათლება არ გულისხმობს მოსწავლის მხოლოდ შემეცნებით განვითარებას. სკოლის პერიოდის გახსენებისას, პირველ რიგში, მასთან დაკავშირებული ემოციები და ადამიანები გვახსენდება და არა ის ცოდნა, რომელიც იქ მივიღეთ. მშობლებსა და დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ პირველკლასელს, პირველყოვლისა, ემოციური მხარდაჭერა სჭირდება და არა რთული და გადატვირთული სასწავლო პროგრამის შეთავაზება.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ განსაკუთრებით დაწყებითი სწავლების საფეხურზე, მასწავლებლისა და აღსაზრდელის ურთიერთობა, კეთილგანწყობილი სასწავლო გარემო, მასწავლებლის მიერ ბავშვების მიმართ გამოხატული სიყვარული უფრო მეტად განაპირობებს მაღალ მიღწევებს ქცევასა და სწავლაში, ვიდრე, თუნდაც, ყველაზე კარგად შედგენილი სასწავლო პროგრამის შინაარსი.
სკოლაში მისვლასთან ერთად ბავშვის ცხოვრება რადიკალურად იცვლება, შემოდის ახალი ავტორიტეტული უფროსი – მასწავლებელი, რომლისადმი მას ნდობა უნდა ჩამოუყალიბდეს. ახლობლებისა და ნაცნობების თვალში ის ახალმოსწავლის როლში გვევლინება, ის ყურადღების ცენტრშია და მათ წინაშეც თავს ვალდებულად თვლის, სათანადოდ გაართვას თავი სასწავლო პროცესის სირთულეებს. თუ ბავშვი ამას წარმატებით მოახერხებს, მას უჩნდება კომპეტენტურობის განცდა, ხდება თავდაჯერებული, კომუნიკაბელური, და პირიქით, თუ მან ვერ მოახერხა ცხოვრების ამ ეტაპის სირთულეეთან გამკლავება, შესაძლებელია, არასრულფასოვნების განცდა ჩამოუყალიბდეს და ხანგრძლივადაც გაჰყვეს. იმავე რისკის წინაშე ვდგებით, როცა ბავშვებს ვადარებთ სხვებს და ვაკნინებთ მათ შესაძლებლობებს სხვებთან მიმართებაში.
ასე, რომ ბავშვების მომავალ წარმატებაზე უფრო მეტი გავლენა აქვს დაწყებითი კლასების გამოცდილებას, ვიდრე სწავლას მომდევნო კლასებში.
დამეთანხმებით, მშობლის ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ, ყველა მშობელს აინტერესებს, როგორ უნდა მოვაწყოთ კომფორტული სამუშაო გარემო ბავშვისათვის? რამდენად უშლის ხელს ყურადღების კონცენტრირებას ჩართული ტელევიზორი, კომპიუტერი და ა.შ?
– ბავშვი, მასწავლებელი, მშობელი, თანატოლები, ფიზიკური და სოციალური გარემო, ეს ერთიანი „ეკოსისტემაა“ და მისი ყველა წევრი ერთმანეთზე ზემოქმედებს საბოლოოდ კი ყველაფერი ბავშვზე აისახება. ყველა მშობელს უყვარს თავისი შვილი და ზრუნავს მასზე, უბრალოდ განსხვავებული წარმოდგენა აქვთ იმაზე, როგორია კარგი მშობელი და რა სჯობს ბავშვისთვის.
სწავლის დაწყებასთან ერთად ბავშვს სჭირდება დახმარება სწავლის პროცესის ორგანიზებაში. ამაში იგულისხმებ,ა როგორც მიზნის დასახვასა და დაგეგმვაში დახმარება, ასევე იმ ფიზიკური გარემოს ორგანიზება, სადაც ბავშვმა უნდა ისწავლოს, შესაძლებლობის მიხედვით ეს გარემო ბავშვის განვითარებისათვის ხელშემწყობი უნდა იყოს, იძლეოდეს ყურადღების მობილიზების საშუალებას. თავისი ასაკიდან გამომდინარე, ბავშვს უჭირს ნებისყოფის მოკრეფა, სასწავლო მასალაზე კონცენტრირება, ამიტომ ჩართული აპარატურა სერიოზული ხელშემშლელი ფაქტორია. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამით ბავშვი შეეჩვევა ექსტრემალურ პირობებში სწავლას, პირიქით, ეს გამოიწვევს პატარის ისედაც მოუმწიფებელი ნებელობითი სფეროს გადაძაბვას. სხვათა შორის, ზოგადად ტელევიზორთან და კომპიუტერთან გატარებული დრო მშობლის მიერ უნდა კონტროლდებოდეს და ის ასაკობრივად დასაშვებ დროს არ უნდა აღემატებოდეს, საშუალოდ 2 საათს 1-2 კლასის მოსწავლეებისათვის. ვერ ვიტყვით, რომ მშობლებმა ამის შესახებ არაფერი იციან, დიდი ხანია ფსიქოლოგებმა განგაში ატეხეს ამის გამო, თუმცა ჯერ მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა. ალბათ მშობლები ვერ ხედავენ ამაში სათანადო საშიშროებას. იმედი გვაქვს საზოგადოებრივი აზრი მალე ჩამოყალიბდება და გავლენას მოახდენს თითოეული ჩვენგანის ქცევაზე.
საინტერესოა, სკოლიდან მოსვლის შემდეგ რა დროში უნდა დაიწყოს ბავშვმა მეცადინეობა? რა დროა საჭირო პატარის დასასვენებლად?
– პირველკლასელი ბავშვი სკოლიდან ძალიან დაღლილი არ უნდა მოდიოდეს. ეს იმის მაჩვენებელია, რომ სასწავლო პროცესი არ არის ბავშვზე მორგებული. გვახსოვდეს, რომ ბავშვი აქტიურობისგან კი არა, თავშეკავებისგან იღლება. მისთვის პრობლემაა მერხთან უძრავად ჯდომა, ჩუმად, უტყვად ყოფნა, რადგან მისი თავის ტვინისათვის აგზნება უფრო ბუნებრივია, ვიდრე შეკავება. ალბათ, შეგინიშნავთ, რომ მასწავლებლები შენიშვნებს მოძრაობასა და საუბარზე იძლევიან, არადა მსოფლიოს საუკეთესო განათლების სისტემები ბავშვების მოძრაობის თავისუფლებაზეა დამყარებული. ასე, რომ ბავშვისათვის საუკეთესო დასვენება ხშირად არა მოდუნება, არამედ მოძრაობაა. დასვენებად ვერ ჩაითვლება სკოლიდან მოსული ბავშვის კომპიუტერთან თამაში, ფიზიკური უძრაობა და ვიზუალურად დატვირთული გამოსახულებები ადუნებს ფსიქიკას და აზარალებს სააზროვნო პროცესებს, ამიტომ ვთხოვთ მშობლებს, ამით თავს ნუ მოიტყუებენ.
ერთსაათიანი დასვენება ბავშვისთვის საკმარისი უნდა იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, პირველი წლებიდანვე ბავშვებს არ ყოფნით დრო მეცადინეობისათვის, რადგან სასკოლო დავალებებიც შეუსაბამოდ ბევრი აქვთ. არც მშობლები აკლებენ მონდომებას და დაჰყავთ პატარები რაც შეიძლება ბევრ სახელოვნებო, სპორტულ, შემეცნებით წრეებზე. ბავშვები მეცადინეობენ რამდენიმე რეპეტიტორთან, სწავლობენ ერთდროულად რამდენიმე ენას – ასეთია ჩვენი რეალობა. ამიტომაც, დასვენება ამ გრაფიკს ხანდახან ხელსაც კი უშლის. ეს საკმაოდ დამაფიქრებელი და დამაზიანებელი პრაქტიკაა. ეს არის ბავშვის მორჩილებით ბოროტად სარგებლობა. შედეგად კი ვიღებთ არა ვუნდერკინდს, როგორც მშობლის სურვილი იყო, არამედ სწავლაზე გულაცრუებულ ადამიანს, რომელსაც აღარ აქვს შემეცნებითი ინტერესები და რომელმაც, პირდაპირ უნდა ითქვეს, დაკარგა ბავშვობა.
როცა ბავშვი უარს აცხადებს მეცადინეობაზე და მისი გონება მიმართულია თამაშზე, ასეთ შემთხვევაში მშობელმა მკაცრად უნდა მოითხოვოს მეცადინეობის დაწყება თუ მივცეთ ბავშვს ცოტა ხნით გართობის საშუალება?
– თავისთავად თამაში, როგორც ქცევის ერთ-ერთი ფორმა, ფსიქოლოგიაში უარყოფით კონტექსტში სულაც არ მოიხსენიება. ცნობილმა იტალიელმა პედაგოგმა მარია მონტესორიმ ერთხელ აღნიშნა: „თამაში ბავშვების სამუშაოა“. ტვინის განვითარებას მისი სტიმულაცია განაპირობებს და თამაში სხვადასხვა ასაკში სწორედ ამ სტიმულაციას უზრუნველყოფს. მეტიც, განათლების ფსიქოლოგების უმეტესობა სულაც თამაშით სწავლას ანიჭებს უპირატესობას, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში.
სხვა საქმეა, რომ მიღწევების გასაუმჯობესებლად მოსწავლეებს უნდა დავეხმაროთ ნებისყოფის განვითარებაში, ვასწავლოთ საკუთარი სწავლის და ქცევის მონიტორინგი. ამისათვის სასწავლო პროცესი ისე უნდა დავგეგმოთ, რომ უსიამოვნო და მოსაბეზრებელ საქმიანობას სასიამოვნო, სახალისო მოსდევდეს და ბავშვმაც იცოდეს ამის შესახებ. ის უკეთ და უფრო სწრაფად შეასრულებს საჭირო, თუმცა მოსაბეზრებელ დავალებას, თუ იცის, რომ ამის შემდეგ მშობელი უფლებას მისცემს, რომ გაერთოს. მშობლები ხშირად ამ პრინციპს შეცდომით იყენებენ, როცა ბავშვს აფრთხილებენ : „სანამ დავალების შესრულებას არ მორჩები, თამაშის უფლებას არ მოგცემ“. ალბათ, დამეთანხმებით, სასურველია, იგივე რეალობა სხვა სიტყვებით აღვწეროთ: „თუ დროულად და სწორად შეასრულებ დავალებას, მეტი დრო დაგრჩება თამაშისათვის“. ვფიქრობთ განსხვავება ნათელია: პირველ შემთხვევაში ბავშვის თვალწინ იხატება მტანჯველი რეალობა, როგორ ვერ ასრულებს დავალებას და ამის გამო, როგორ ართმევენ თამაშის თავისუფლებას, ხოლო მეორე შემთხვევაში ბავშვი თვალწინ წარმოიდგენს სასიამოვნო და სასურველ პერსპექტივას, თუ როგორ ასრულებს დავალებას, და სანაცვლოდ როგორ იღებს სასურველი ქცევის განხორციელების უფლებას. პირველ შემთხვევაში სწავლის სტიმული ქრება, მეორეში კი პირიქით – გაღვივდება.
ასე, რომ თამაშის სურვილი გონიერი მშობლის ხელში სასარგებლო რესურსად შეიძლება გადაიქცეს თავად ბავშვისთვის. ყველანაირი იძულება კლავს ცოდნის მიღების სურვილსა და სკოლის სიყვარულს, სწავლას კი ტანჯვად გადააქცევს.
როგორი დავალებების შესრულებით დავიწყოთ მეცადინეობა? რა თანმიმდევრობით უნდა დავალაგოთ რთული და ადვილი დავალებები?
– ზოგადად მიჩნეულია, რომ სასწავლო პროცესი უნდა ვითარდებოდეს მარტივი მასალიდან რთულისაკენ. ასეთი დალაგება ლოგიკურად განაპირობებს კოგნიტურ განვითარებას, თუმცა, მოტივაციის თვალსაზრისით, დავალების სირთულეს სხვაგვარი კუთხით განიხილავენ. მიჩნეული და კვლევებით განმტკიცებულია, რომ ზედმეტად მარტივი ან ზედმეტად რთული დავალებები აქვეითებს მოსწავლის მოტივაციას. დავალება უნდა იყოს ოპტიმალური სირთულის, გამომწვევი, მაგრამ დაძლევადი. ასეთ დავალებებს ასრულებენ მოსწავლეები ხალისით, მათი შესრულების შემდეგ უჩნდებათ კომპეტენტურობის განცდა, ეჩვევიან დამოუკიდებლად სწავლას, ვითარდებიან კოგნიტურად. არ არის რთული მისახვედრი, რომ ყველა ბავშვს ერთნაირი დავალება არ გამოადგება. სასურველია, მათ ჰქონდეთ არჩევანის საშუალება, ინდივიდუალური დავალებები. ეს შესაძლებელი და აუცილებელია. სწორედ სასწავლო პროცესის ინდივიდუალიზაცია და მოსწავლეზე ორიენტირებულობა არის ყველაზე თანამედროვე მიდგომა განათლებაში, რომლის მიღწევაც უნდა მოახერხოს დღევანდელმა პედაგოგმა.
აუცილებელია თუ არა მეცადინეობისას ბავშვი დროდადრო დავასვენოთ? რამდენ წუთიანი უნდა იყოს ეს შესვენება?
– ბევრმა დავალებამ შეიძლება ავნოს მოსწავლეებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ყურადღების მობილიზაციის პრობლემა აქვს. სასურველია, მასალა ლოგიკურ, მცირე ნაწილებად დაიყოს და პაუზები გაკეთდეს მანამ, სანამ ბავშვი დაიღლება. ფსიქიკური ძალების გამოფიტვის შემდეგ მათი დროულად აღდგენა რთულია, ამიტომაც გვიჭირს ძალიან დაღლილი ბავშვის სასწავლო პროცესში დაბრუნება ხანმოკლე შესვენების შემდეგ. პირველკლასელი ბავშვი ყოველი 15 წუთიანი მეცადინეობის შემდეგ 3-5 წუთით შევასვენოთ, ეს შესვენება ადგომასა და მოძრაობაში უნდა გამოიხატებოდეს.
ბავშვებისათვის სწავლების დაბალ საფეხურზე საშინაო დავალება მაშინაა ეფექტური, თუ მისი შესრულება 10-20 წუთზე მეტ დროს არ მოითხოვს. შედარებით უფროს ბავშვებს შეიძლება მივცეთ დავალება, რომელიც 30-60 წუთში შესრულდება. მაღალ კლასებში საშინაო დავალებების შესრულება სხვადასხვა საგანში სხვადასხვა დროს შეიძლება საჭიროებდეს. ეს თეორიულად, რადგან არსებული სასწავლო პროგრამის პირობებში დროის ამგვარი ლიმიტის დაცვა, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, მხოლოდ სწავლაში ჩამორჩენის ხარჯზე თუ შეიძლება მისაღწევი გახდეს.
თუ ბავშვი სათანადოდ ვერ ასრულებს დავალებას, საჭიროა თუ არა, მშობელი ჩაერთოს დავალების მომზადების პროცესში?
– მშობლის რესურსის სწორი გამოყენება სასწავლო პროცესში ცალსახად უკეთეს ეფექტს იძლევა. საქმე და პრობლემა ის გახლავთ, რომ მშობელი ხშირად არ არის ინფორმირებული იმ მეთოდების შესახებ, რომელიც რეალურად დაეხმარება მოსწავლეს შედეგების გაუმჯობესებაში; ამიტომ მასწავლებელმა კონკრეტულად უნდა აუხსნას მშობლებს, რა სახის ხელშეწყობა სჭირდება მოსწავლეს და, ნებსით თუ უნებლიეთ, არ წაახალისოს ის ნეგატიური პრაქტიკა, როცა მშობელი ბავშვის ნაცვლად ასრულებს დავალებას ან სრულიად არ ერევა სწავლების პროცესში. მთელი ხელოვნება დახმარების ზომიერებაშია. დავალების იმ ნაწილს, რომელის შესრულებაც ბავშვს შეუძლია, ასრულებს თვითონ, მშობელი ჩაერთვება მხოლოდ მაშინ, როცა ის რამეს ვერ უმკლავდება და მხოლოდ იმ დოზით, როგორი დახმარებაც ბავშვს სჭირდება. როგორც აღვნიშნეთ, მშობელი მასწავლებლისგან ინფორმირებული უნდა იყოს, როგორ აუხსნას ან როგორ გამოიკითხოს ბავშვისაგან მასალა, რათა განსხვავებულმა მოთხოვნებმა ბავშვი არ დაძაბოს და არ დააბნიოს. მშობლებმა უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ პატარა მოსწავლის ცრემლნარევი სიტყვები: „ჩვენ ასე არ გვისწავლია, მასწავლებელი სხვანაირად მაკეთებინებს“, გავიაროთ კონსულტაცია სხვა მშობლებთან, ბავშვებთან ან თავად მასწავლებელთან და შვილს შევთავაზოთ ისეთი დახმარება, რომელიც ახლოსაა მის გამოცდილებასთან.
როგორ დავარწმუნოთ ბავშვი, რომ რთული დავალებების შესრულება შეუძლია?
– სასწავლო პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება უკუკავშირს – მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ სიტყვიერ შეხმიანებას, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზებას, სწორი რეკომენდაციების მიცემას. რაც უფრო კონკრეტულად მივუთითებთ მოსწავლეს, რა გააკეთა კარგად, მივცემთ რჩევებს, როგორ მიაღწიოს უკეთეს შედეგს, მით უფრო აუმაღლდება მას კომპეტენტურობის განცდა და ჩამოუყალიბდება პოზიტიური, მაგრამ რეალური თვითშეფასება. მოსწავლე კარგად უნდა იცნობდეს შეფსების სქემებს – რა შედეგში რა ქულა იწერება და, ზოგადად, იმ კრიტერიუმებს, რომლისგანაც შედგება მისი შეფასება. მას უნდა შეეძლოს სქემის მიხედვით თვითონ შეაფასოს თავისი ნაშრომი და შეადაროს მასწავლებლის შეფასებას. შექება, წახალისება – ეს არის მძლავრი იარაღი მასწავლებლის ხელში, მაგრამ ის უნდა იყოს გულწრფელი, რეალური, ობიექტური და ძალიან კონკრეტული, რათა მოსწავლემ ნამდვილად ირწმუნოს თავისი ძალებისა.
რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვმა დამატებითი ლიტერატურის კითხვა და როგორ უნდა შევაყვაროთ პატარას კითხვა?
– ბავშვისათვის თავისი ასაკის შესატყვისი ლიტერატურის შეთავაზება ყოველთვის შეიძლება. ეს კითხვის შეყვარების ერთ-ერთი წინაპირობაა. ის, რის გამოც ხშირად კითხვა უსიამოვნო საქმიანობად გადაიქცევა, ასაკისთვის შეუსაბამო წიგნია ან ის, რომ ბავშვს კითხვის ჩვევა ჩამოყალიბებული არა აქვს და უბრალოდ უჭირს ხანგრძლივად კითხვა და წაკითხულის გაგება. კითხვის შეყვარების ბევრი მეთოდი არსებობს, ერთ-ერთი მათგანი ბავშვისთვის არჩევანის უფლების მიცემაა. წაიყვანეთ ის საბავშვო წიგნის პავილიონებში, დაე თვითონ მიიღოს მონაწილეობა წიგნის არჩევაში. ძალიან სასარგებლოა ე.წ. ერთობლივი კითხვაც სხვა ადამიანებთან ერთად, როცა რამდენიმე ადამიანი მონაცვლეობით კითხულობს; ასევე კითხვის დასრულება, როცა უფროსი იწყებს კითხვას, ხოლო დაინტერესებული ბავშვი ასრულებს. კითხვის ჩვევის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს მოხერხებული გარემო და სიტუაცია, მაგრამ მშობლის, თანატოლის, მასწავლებლის მაგალითს არაფერი შეედრება. ჩვენ რატომღაც გვგონია, რომ ადამიანმა ბავშვობის ასაკში უნდა იკითხოს რაც შეიძლება მეტი, ეს არასწორია. წიგნი არ არის საბავშვო დანიშნულების ნივთი. საბავშვო წიგნები ხომ გაცილებით გვიან გაჩნდა. ამით იმის თქმას ვცდილობთ, რომ ბავშვი უნდა ხედავდეს, რომ მშობელი კითხულობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ზრდასრული ადამიანები მას ამ მაგალითს იშვიათად აძლევენ და მხოლოდ იძულებით შემოიფარგლებიან.
დასკვნის სახით, შევაჯამოთ, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ჩვენს შვილებს სწავლა შეუყვარდეთ?
– წარმოვიდგინოთ ღირსებაშელახული და სტრესულ მდგომარეობაში მყოფი მერხზე გასუსულად მჯდარი ან დასჯილი მოსწავლე, რომელსაც თამაშისა და გართობისათვის დრო არ რჩება, აქვს ბევრი და მოსაწყენი ან ძალიან რთული დავალება – დამეთანხმებით, რაც არ უნდა დიდი იყოს ჩვენი ძალისხმევა, ასეთ ბავშვს სიყვარულს კი არა, სასწავლო პროცესისადმი უბრალოდ პოზიტიურ დამოკიდებულებასაც კი ვერ ჩამოვუყალიბებთ.
მშობლებისა და მასწავლებლებისაგან ბავშვების უპირობო სიყვარული, მათი გაგების უნარი, შექება-წახალისება და რეალური რეკომენდაციები, ბევრი თანამედროვე რესურსი და სახალისო აქტივობები, ნაკლები იძულება და მეტი პირადი მაგალითი კი პირიქით, დაარწმუნებს მოსწავლეს სწავლის ღირებულებაში, გაუღვივებს მას სწავლის მოტივაციასა და სიყვარულს.
მაგდა ბატიაშვილი