მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ ეკომონიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრში განუცხადეს.
ბოლო დროს სპეციალისტები ტექდათვალიერების ვალდებულების გადავადებაზე საუბრობდნენ, თუმცა, აკრედიტაციის ცენტრში გვითხრეს, რომ ტექნიკური ინსპექტირება კანონმდებლობის შესაბამისად ამოქმედდება.
„დღევანდელი კანონმდებლობის შესაბამისად, მსუბუქი ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2017 წლის 31 დეკემბრიდან უნდა დაიწყოს.“
როგორც უწყებაში თქვეს, კონკრეტულად რა რეგულაციებზე მიდის მუშაობა – ამ თემაზე განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ოქტომბრის ბოლოს გააკეთებს.
ასევე, რა ეღირება მსუბუქი ავტომობილების ტექდათვალიერება, ცნობილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლა დღევანდელი მდგომარეობით სავალდებულოა ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომელთა სრული მასა 3 500 კგ-ს აღემატება. ასევე – მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის, რომელთა დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება.
ნინი მაზიაშვილი