„ერთით მეტი ვიყვირებდი სხდომაზე თუ ერთით ნაკლები, ეს არ აისახებოდა შედეგზე. ელენე ხოშტარია ტრიბუნასთან იდგა და 20 წუთი კამათობდნენ გადაწეულიყო თუ არა სხდომა. მე არ ჩავთვალე საჭიროდ,რომ უნდა ვყოფილიყავი მესამე“ , – პოლიტიკურ გეგმებზე, დაპირებებსა და საკრებულოს ხმაურიან სხდომაზე მისი პასიურობის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა „რუსთავი 2“-ზე, „განსხვავებული აქცენტების“ ეთერში ისაუბრა.
„ზოგიერთებს ახლა რომ გაახსენდათ „პანორამა“, მე გუშინ და გუშინწინ არ გამხსენებია თბილისი და წინასაარჩევნოდ მეცადინეობა თბილისის შესახებ არ დამიწყია. მოვიქეცი ისე,როგორც უნდა მოქცეულიყავი. ამ საკითხების ჩაგდებისთვის ყველაფერს ვაკეთებდი დილიდან. უფრო მნიშვნელოვანია,რომ ივანიშვილმა რეკრეაციული ზონა 5 ათასი კვადრატული მეტრი ჩაიდო ჯიბეში და თავისუფლების მოედანი ისე მიითვისა არ ჰკითხა არავის. ამაზრზენი იყო საკრებულოს თავმჯდომარის ქცევა,იმის ნაცვლად რომ ტრიბუნა დაეთმო,ლამის სპეცრაზმი და ავიაცია გამოიძახა.
მე ვფიქრობ,რომ თბილისის საკრებულოში ვინც ვართ, აღარ გვაქვს მორალური უფლება იქ ყოფნის. პირდაპირ ვამბობ საჯაროდ,რომ ვტოვებ თბილისის საკრებულოს. ორშაბათს დავწერ განცხადებას და მოვუწოდებ ოპოზიციურ დეპუტატებს,რომ იგივე გააკეთონ, ეს არის მორალური ნაბიჯი. მარტო უნდა დარჩეს „ქართული ოცნება“ საკრებულოშიც. ცემა-ტყეპის და დარბევის შემდეგ არავის გვაქვს უფლება იქ შესვლის. ბოდიშს ვუხდი საბურთალოელებს,რომ 3 კვირით ადრე ვტოვებ საკრებულოს.
გამარჯვების შემთხვევაში მინდა,რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი რაღაცას ჰგავდეს და არ იყოს ზრდილობისთვის ჩამოყვანილი, ლურჯად შეღებილი რამდენიმე ავტობუსი. ვაპირებ პარკინგის პრობლემის მოგვარებას, ამისთვის პარტიული მხარდაჭერა ხელს შემიშლიდა. მე ანგარიშვალდებული უნდა ვიყო მხოლოდ ხალხთან. როცა უკან გიდგას პარტია ან ბიზნესმენები, თავისთავად გექაჩება.არც ერთ ეტაპზე არ განვიხილავდი,რომ პარტიული კანდიდატი ვყოფილიყავი“ , – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე