მას შემდეგ, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გამოცხადდა, საზოგადოების ყურადღება მიიპყრო იმან, თუ ვინ შეძლო გამხდარიყო საუკეთესოთა შორის საუკეთესო და მოეპოვებინა ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტის სტატუსი. „თბილისი თაიმსი“ დაუკავშირდა მარიამ როგავას, რომელმაც შეძლო რეიტინგის პირველი ადგილი დაეკავებინა. სწავლის პროცესი, მიზანი, ინტერესის სფერო, მოტივაცია – თემებია რომელზეც მარიამი ინტერვიუში საუბრობს, დეტალურად გაიგეთ რა ქმნის წარმატებას სრულყოფილს ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტისთვის და როგორია მისი სამომავლო გეგმები.
მარიამ, სკოლა–პანსიონ კომაროვში სწავლობდით. შეგიძლიათ მითხრათ, რით იყო სკოლის სასწავლო წლები გამორჩეული თქვენთვის, როგორი იყო მოტივაცია საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტისთვის და რა გზა გაიარეთ სანამ აბიტურიენტი გახდებოდით?
– დაწყებით კლასებში შემიყვარდა მათემატიკა, ხაზვა, ამიტომ გადავწყვიტე, კომაროვის სახელობის სკოლაში მესწავლა. აქ ტექნიკურ საგნებს გაძლიერებულად გვასწავლიდნენ, რაც ძალიან მომწონდა. სკოლის წლები განსაკუთრებული იმით იყო, რომ მათემატიკის ოლიმპიადებში ვიღებდი მონაწილეობას, თუმცა საბოლოოდ არჩევანი მაინც ფიზიკაზე შევაჩერე.
საქართველოში აპრობირებულ პრაქტიკად იქცა დამამთავრებელ კლასში რეპეტიტორთან მომზადება. თავად თუ ემზადებოდით რომელიმე საგანში კერძოდ და როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა გახდე წარმატებული სტუდენტი მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნით?
– ვიცნობ წარმატებულ სტუდენტებს, რომლებმაც მხოლოდ სკოლაში მიღებული ცოდნით ჩააბარეს ეროვნული გამოცდები, თუმცა მე ქართულში მაინც მოვემზადე.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალი სარეიტინგო ქულები დააგროვეთ, ალბათ, თქვენს უნივერსიტეტის არჩევის დროს არაერთი რჩევა მიიღეთ. შეგიძლიათ, მითხრათ რატომ გადაწყვიტეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება?
– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ასევე სტუდენტებს გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობას აძლევს. თანაც სწორედ თსუ-ის სასწავლო გეგმა იყო ჩემთვის ოპტიმალური, ამიტომ არჩევანი ამ უნივერსიტეტზე შევაჩერე.
მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ფიზიკის მიმართულებით უნდა ისწავლოთ. რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება ამ სფეროთი და კონკრეტულად რომელ დარგში გინდათ მოსინჯოთ საკუთარი ძალები?
– კონკრეტული დარგი ჯერ არ ამირჩევია, ვინაიდან რთულია, წინასწარ განვსაზღვრო, სამომავლოდ რა დამაინეტერესებს. თავიდან ფიზიკის ფილოსოფიურმა მხარემ გამიტაცა, თუმცა ახლა რომ ვუფიქრდები, ეს ბავშვური მიდგომა იყო. მიმაჩნია, რომ ფიზიკა, გარდა იმისა, რომ მრავალმხრივი და საინტერესო საგანია, ადამიანს უამრავ შესაძლებლობას უხსნის და შემოქმედებითადაც ავითარებს.
შესაძლებლობა რომ გქონდეთ, რომელი ფიზიკოსის თანამედროვე იქნებოდით? მოვლენა აღმოჩენა, რომლის თვითმხილველიც გახდებოდით?
– მარი კიურის ცხოვრების შესახებ კითხვა ყოველთვის სწავლის სტიმულს მაძლევდა. ის საოცრად მიზანსწრაფული, საკუთარი საქმისთვის თავდადებული და „ყოვლისშემძლე“ ქალი იყო. დროის მანქანა რეალობად თუ იქცა, მადამ კიურის (სწორედ ასე მიმართავდნენ მოგვიანებით) კოლეგა გავხდებოდი.
ვინ არის თქვენი მთავარი მრჩეველი და ფრაზა, რომელიც ყველაზე მეტად გეხმარებათ ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში.
– ყველაზე კარგ რჩევებს მშობლები და მეგობრები მაძლევენ. ჯერ კიდევ ბავშვობაში მითხრა დედამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები (ლამაზ ფურცელზე დამიწერა, კონვერტში მოათავსა და მაგიდაზე დამახვედრა): „Finis Coronat Opus” (“ბოლო აგვირგვინებს საქმეს”).
მაინტერესებს რა ადგილი აქვს ხატვას თქვენს ცხოვრებაში, რა ჟანრში ხატავთ და რომელია მხატვარი, რომლის ნამუშევრებიც ყველაზე მეტად მოგწონთ?
– ხატვა ჩემთვის არც ისე მნიშვნელოვანია, უფრო მეტად ლიტერატურა და კითხვა მიყვარს. ძალიან პატარა ვიყავი კითხვა რომ ვისწავლე და იქიდან მოყოლებული ვკითხულობ ყველაფერს განურჩევლად (მხედველობაც კი გავიფუჭე ამ „სენის“ დამსახურებით).
სამი მთავარი თვისება, რომელიც საკუთარ თავში ყველაზე მეტად მოგწონთ, თვისება, რომელიც არ მოგწონთ?
– მაქსიმალისტი ვარ, მიყვარს, როდესაც ჩემს საქმეს მაღალ დონეზე ვასრულებ. ასევე ვცდილობ, ყველა საკითხს ლოგიკურად და პრაგმატულად მივუდგე. არ მომწონს, დაწყებულ საქმეზე ზოგჯერ გული რომ მიცრუვდება, თუმცა ასეთ დროს მშობლები და მეგობრები მიბიძგებენ და მაიძულებენ საქმე ბოლომდე მივიყვანო.
თუ შეგიძლიათ, მიამბოთ თქვენს სამომავლო გეგმებზე, როგორ ფიქრობთ, რა იქნება მარიამ როგავას მთავარი მიღწევა ცხოვრებაში?
– მომავლის წინასწარ განჭვრეტა რთულია. უცხოეთში სწავლის გაგრძელების სურვილი და იმედი მაქვს. ამ ეტაპზე გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას ვეცდები. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
ნანუკა მაღლაკელიძე
Discussion about this post