,,მოძრაობის თეატრის“ ისტორია, შექმნა და არსებობა მისი დამფუძნებლის, კახა ბაკურაძის, ცხოვრების უმთავრესი და განუყოფელი ნაწილია. ორიგინალურად გაფორმებული თეატრი, რომელიც მაყურებელს უამრავ სიახლესა და საინტერესო სპექტაკლებს სთავაზობს როგორც მისმა შემქმნელმა გვითხრა ,, მუდმივ მოძრაობაშია“. ,,თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა ,,მოძრაობის თეატრის“ ისტორიით, სპექტაკლებითა და სამომავლო გეგმებით. ჩვენს კითხვებს თეატრის დამფუძნებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა – კახა ბაკურაძემ უპასუხა.
გვიამბეთ, როდის შეიზმნა საქართველოში მოძრაობის თეატრი და როგორ შენდებოდა ის?
– 2001 წელს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად დავდგი პირველი სპექტაკლი ,,რიჩარდ მესამე“. სტუდენტებისგან შეკრულმა დასმა დამანახა ახალი თეატრის ჩამოყალიბების შესაძლებლობა და მოგზაურობა მოძრაობის სამყაროში. თავდაპირველად, დასმა საჯარო გამოსვლები ყოველგვარი ანონსებისა და ანაზღაურების გარეშე დაიწყო და იმ დროს დასის გამოჩენა თბილისის ნებისმიერ ქუჩაზე დიდი დღესასწაული იყო. შემდეგ იყო თეატრალური სარდაფის მიმდებარედ პატარა ფართი, სადაც აეწყო პირველი სცენა მოძრაობის თეატრისთვის. ეს კონსტრუქცია, რომელიც მაშინ მოეწყო, დღესაც გამოიყენება თეატრში. ჩვენი თეატრი სულ მოძრაობაში იყო და მუდმივად იცვლიდა ფართებს დაწყებული აკაკი ხორავას სახლიდან და დამთავრებული რკინიგზელთა სახლის პატარა ოთახით. ამასობაში ჩვენი თეატრის მშენებლობაც დასრულდა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა (სამხატვრო ხელმძღვანელმა და დასმა) საკუთარი ხელით ავაგეთ.
ჩვენი შენობა მუშთაიდის ბაღში მდებარეობს. სამი წელი შენდებოდა და დასრულებული სახე 2013 წელს მიიღო.
ვიცით, რომ უცხოეთში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდით და მოღვაწეობდით. რამ გადაგაწყვეტინათ საქართველოში დაბრუნება?
– საქართველოში ჩემი სახლია, ჩემი ქვეყანაა. მეც მიყვარს ჩემი სამშობლო. ჩემთვის მთავარია ქართულად ფიქრი. უცხოეთში დამღალა უცხო ენაზე ფიქრმა, საუბარმა. თუკი მაინც ამდენი უნდა ვიფიქრო, უკეთესია ვიფიქრო ქართულად. თუ მაქვს რაიმეს სწავლის უფლება და თუ ვარ მასწავლებელი, ვასწავლი ჩემებს, ჩემს შვილებს. ჩვენიანებსაც ხომ სჭირდება, ჩვენც ხომ გვჭირდება. არამარტო იტალიაშია ეს სწავლა-განათლება, ჩვენთანაც არის, თან საკმაოდ კარგად. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ აქ ვასწავლოთ ერთმანეთს. ჯონ რემბო გამახსენდა. ჯარისკაცის სიტყვებია ,,ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს სამშობლოს ისე ვუყვარდეთ, როგორც ჩვენ გვიყვარსო ჩვენი სამშობლო“ და ამას ვეთანხმები. ყველაფერი მაინც ქვეყნის სიყვარულია.
,,მოძრაობის თეატრში“ ყველაფერი სხეულზე, მიმიკებსა და, ბუნებრივია, მოძრაობაზეა დამოკიდებული. გვითხარით, როგორ ხდება სათქმელის მაყურებლამდე მიტანა?
– ამას ვერ მოყვები. ეს უნდა ნახო. მოყოლით არ არის, ეს მოთხრობა არა რის და არც ლექსი. უნდა შეიგრძნო, უნდა ნახო. ვიზუალური ხელოვნებაა, რომელიც უშუალოდ აღიქმება ნახვის დროს.
ძირითადად რა ასაკის მაყურებლები გსტუმრობენ და როგორ არჩევთ სპექტაკლებს დასადგმელად?
– მაყურებელი ნებისმიერი ასაკის გვსტუმრობს, ვისაც ეს აინტერესებს. ცენზი ჩვენთან არ არის. ერთი სპექტაკლი გვაქვს ,,ბეტონის ზონა“, რომელზეც 16 წლამდე მაყურებელი არ დაიშვება.
ხომ არ გეგმავთ საქართველოს ფარგლებს გარეთ სპექტაკლების გატანას?
– პატარა გასვლები უკვე გვქონდა. რამდენიმე დღით. ჩვენ მოხეტიალე თეატრი ვართ. პერიოდულად ყოველთვის გაგვაქვს სპექტაკლები. დიდ გასტროლებზე უარს ვამბობთ, რადგან სტაციონარის ათვისება მჭირდება. თეატრი ასე ვთქვათ უნდა ,,მოიქოქოს“ როგორც საჭიროა. საზღვარგარეთაც წავალთ. შემოთავაზებები გვააქვს.
თქვენ, როგორც ამ თეატრის დამფუძნებელი, როგორ შეაფასებდით თეატრის ამჟამინდელ მდგომარეობას და როგორ ხედავთ მას მომავალში?
– ამ შეფასებას ორი პოზიცია აქვს: ფინანსურ-სოციალური და შემოქმედებითი. სოციალურ-ფინანსური მდგომარეობით, სახელმწიფო თეატრებისგან განსხვავებით, ჩვენ შორს ვართ. ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტი. ისე არ გაიგოთ, რომ ჩვენ რომ ეს ბიუჯეთი გვქონდეს, რადიკალურად შეიცვლება აქ სიტუაცია. ჩვენ რაც გვავქს აქ ამ ყველაფერს გზაში ვიგონებთ, გზაში ვთხზავთ და გზაშივე ვთამაშობთ. რასაც ვშოულობთ, იმით ვაგვარებთ საქმეებს.
რაც შეეხება შემოქმედებით ამბავს, მოუხედავად ყველაფრისა, გვაქვს 8 სპექტაკლი. მეცხრეს ვაკეთებთ. მეათე ახალი წლისთვის გამოვა. ვაპირებთ მულტფილმის გადაღებას. როგორც იქნა სახელოსნო ავაწყე. მოკლედ რომ ვთქვა, შემოქმედებითი მხარე ჩვენს თეატრში საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანია. ერთი სპექტაკლის დადგმას ძალიან დიდი შრომა, ნიჭი და ენთუზიაზმი სჭირდება.
მარიამ გობიანიძე