„უსუფაშვილმა ამ ეთერში „რესპუბლიკური პარტიის“ გარდაცვალების სურვილი გამოთქვა, ვერდიქტი დადო. ეს მისი განსაკუთრებული პოლიტიკური შეცდომაა“ , – ამის შესახებ დავით ბერძენიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა,როდესაც „რესპუბლიკური პარტია“ გადაცემა „პირველებში“ საკუთარ სამომავლო გეგმებს წარადგენდა.
„უსუფაშვილმა თქვა, მე ამოვწურე თავი „რესპუბლიკურ პარტიაში“ და ამ პარტიამ ამოწურა თავი ქართულ პოლიტიკაშიო. ჩვენ ვთვლით,რომ დავრჩით ისინი, ვინც ვართ თავისუფლების ერთგულნი. სხვადასხვა თაობის ადამიანებს გვჯერა,რომ პიროვნების თავისუფლება, განსხვავებულის მიღება და აღიარება არის პრიორიტეტი, ვაღიარებთ უმცირესობებს.
საკითხი დახურულია, უსუფაშვილმა გააჟღერა ის, რამაც გული დამწყვიტა. განაცხადა მისი სურვილი,რომ „რესპუბლიკური პარტია“ ქართული პოლიტიკისთვის აღარ არის საჭირო. ყოველთვის უმცირესობასთანაა დაკავშირებული პროგრესი“ , – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
პარტიის ღირებულებებსა და სამომავლო მიზნებზე „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ისაუბრა.
„2016 წლის არჩევნებზე ამომრჩეველმა პასუხი გასცა პარტიის მუშაობას კოალიციურ რეჟიმში. იმის გამო,რომ დროულად არ წამოვედით კოალიციიდან და არ გვქონდა ჩვენი იდეის შესაბამისი მკაფიო მესიჯები, მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. ჩვენი ამომრჩეველია ის, ვისაც სჯერა,რომ მთავარი ორიენტირი უნდა იყოს ადამიანი და თავისუფლება“ , – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
მანანა ღოღობერიძე
Discussion about this post