„ეს არ არის მეოთხე, ეს მეორე მცდელობაა, პირველად 3-პირიანი სია შარშან დაგვიბრუნდა. ამ გადაწყვეტილებას მე დღესაც არ ვეთანხმები,მაგრამ ეს აღარ არის მთავარი. მეორედ წარდგენილმა სიამ ბევრი ბარიერი და ფილტრი გაიარა“ , – სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
„მივედით იქამდე,რომ ქვეყნის შიგნით ჩატარებული კონკურსიც მოიწონეს. არ დასმულა არც ერთი შეკითხვა ჩვენ მიერ ჩატარებული პროცესის გამჭვირვალობაზე. სამივე კანდიდატი დაშვებულია გასაუბრებაზე. მაქსიმუმ ხვალ გვეყოლება მომსამართლე,რომელიც ევროპულ მართლმსაჯულებას 2026 წლამდე მოემსახურება.
გაჭირდა შეთანხმება არასამთავრობო სექტორთან,რადგან მიუხედავად იმ უნიკალური შესაძლებლობისა, რაც საქართველოში მივეცით, მათ დააყენეს პოზიცია,რომ თუ იქნებოდა მათთვის სასურველი კანდიდატი ხომ კარგი, თუ არადა დანარჩენს არავის მოიწონებდნენ. ჩვენ გვჭირდებოდა კანდიდატი,რომელიც დაიმსახურებდა როგორც სამთავრობო, ასევე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებების მოწონებას, და არა რომელიმე კონკრეტული ორგანიზაციის.
სტრასბურგის ორგანოებმა არასამთავრობო სექტორის არგუმენტი,რომ კანდიდატები პოლიტიკურად აფილირებულები არიან, არ გაითვალისწინეს. მათ სამივე კანდიდატი მიიჩნიეს,როგორც მიუკერძოებელი, კომპეტენტური და დამოუკიდებელი და მივედით დღევანდელი კენჭისყრის დღემდე“ , – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მანანა ღოღობერიძე