კაცხის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, ისტორიულ მხარე იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაცხში, მდ. კაცხურას ხეობაში, გზის პირას.
კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან არ გვხვდება. ნაგებობა შედგება საფეხურებად განლაგებული სამი წახნაგოვანი ნაწილისაგან: გარშემოსავლელის, ტაძრის კორპუსისა და გუმბათის ყელისაგან. ტაძრის კორპუსი და გუმბათის ყელი ექვს აფსიდიანია.
ტაძრის გარშემოსავლელის აღმოსავლეთ სადგომში შემორჩენილია ქართული პლასტიკური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუში – რელიეფური ქანდაკება, ოთხი ანგელოზის მიერ ჯვრის ამაღლების სიმბოლური სცენა, რომელიც ჩასმულია მოჩუქურთმებულ მრგვალ ჩარჩოში.
კაცხის მონასტერი დიდი კულტურული ცენტრი ყოფილა. აქ გასულ საუკუნეებში მიმდინარეობდა ნაყოფიერი შემოქმედებითი მუშაობა, ასობით წიგნი გადაწერილა. ტაძარს ჰქონია მდიდარი ბიბლიოთეკა, შემდგომ იგი დაუტაციათ.
კაცხის ტაძარში ინახებოდა: ლიპარიტ ბაღუაშის მიერ შეწირული მათეს სახარების „თარგმანი“; 1059 წელს ივანე ლიპარიტის ძე ბაღუაშის მიერ შეწირული წმინდა გიორგის მოოქროვილი ხატი, დიდი ჯვარი, რომლის წარწერაც რაჭის ერისთავთ-ერისთავს რატის იხსენიებს და მაცხოვრის ხატი, კახაბერ ერისთავთ ერისთავისა; კაცხში ინახებოდა უნიკალური ძეგლი – ტყავზე დაწერილი სახარება. თვალწარმტაცად მოკაზმული, რომელიც ექვთიმე ათონელს უთარგმნია 1059 წელს; კაცხის მონასტერშივე გიორგი–მალაქია აბაშიძის ბრძანებით გადაწერილა „კაცხის გულანი“, რომელიც ყველა საღვთისმეტყველო წიგნთა კრებულია.
ჩამოთვლილთაგან მცირედი ნაწილი ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
„მატიანე ქართლისაის“ ცნობით, კაცხის მონასტერში არიან დასაფლავებული ერისთავთ-ერისთავები: რატი ბაღვაში, ლიპარიტ ბაღვაში (ბერობაში ანტონი). ისეთი ცნობილი პიროვნებები როგორებიც იყვნენ: გიორგი აბაშიძე „მალაქიად“ წოდებული, იმერეთის მეფე გიორგი V, ვახტანგ VI-ის დროს მოღვაწე სვიმონ აბაშიძე, არგვეთის მთავარი ლევან აბაშიძე, დავით იოანეს ძე ლიონიძე.