სიტყვა რაჭის ხსენებისას ყველას ან ანეგდოტები ახსენდება რაჭველებზე ან ფილმი „რაჭა ჩემი სიყვარული“. ცოტას თუ მოუვლია რაჭა, სოფელ-სოფელ უბოდიალია, ძველი ხის სახლები მოუძებნია, დანისლული შაორი უნახავს ან მჟავე წყლები დაუგემოვნებია. ცოტამ თუ იცის, რომ რაჭა არაჩვეულებრივი ტურისტული ადგილია მთელი თავისი ბუნებითა და გამორჩეული რაჭველი ხალხით. ეს ყველაფერი კარგად იცოდნენ 24 წლის რაჭველმა დებმა – მირანდუხტ და თამარ დავითულიანებმა. მათ ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში, ჰოსტელი „გარემო” გახსნეს. ადგილი, სადაც შეგიძლია დაისვენო საყვარელ ადამიანებთან ერთად, მოიარო რაჭა რაჭველ გიდებთან ერთად და შეიგრძნო მთელი მისი მომხიბლელობა და სილამაზე.
პროექტისთვის დებმა აწარმოე საქართველოს ფარგლებში 12 500 ლარის დაფინანსება მოიპოვეს და შეძლეს, რომ რაჭა ერთ-ერთ ტურისტულ ადგილად ექციათ. დღეს მათ ჰოსტელს ბევრი უცხოეული თუ ქართველი სტუმრობს. ჰოსტელის დაარსებისა და მისი განვითარების სამომავლო გეგმების შესახებ „თბილისი თაიმსი“ „გარემოს” ერთ-ერთ დამფუძნებელს მირანდუხტ დავითულიანს ესაუბრა.
თქვენ შესახებ რომ მოგვიყვეთ, საიდან გაგიჩნდათ იდეა გაგეხსნათ ჰოსტელი?
– ჩვენ რაჭველები ვართ, თავადაც ბევრს მოგზაურობთ და ჩვენს მეგობარ უცხოელებსაც ხშირად ვურჩევდით მოენახულებინათ რაჭა. უნივერსიტეტში სწავლის გამო ცოტა ხნით მოვწყდით ჩვენს კუთხეს. თუმცა, ამ დროის განმავლობაში ყოველთვის გვინდოდა დაბრუნება რაჭაში და ისეთი რაღაცის გაკეთება რაც საშუალებას მოგვცემდა გვქონოდა ჩვენი პატარა საქმე. ამიტომ, გადავწყვიტეთ ისეთი სივრცე შეგვექმნა, სადაც ჩვენი მეგობარი უცხოელი ტურისტები მოვიდოდნენ, დაისვენებდნენ და ამ ულამაზეს კუთხეს ბოლომდე გაიცნობდნენ. გვინდოდა, რაჭა ბევრად უფრო ტურისტულ კუთხედ გვექცია. სწორედ ეს იყო, ის დიდი მოტივაცია, რამაც გვიბიძგა შეგვექმნა ჰოსტელი „გარემო“.
როგორ შეძელით ჰოსტელის განვითარება და რითი ხართ გამორჩეულები?
– ბიზნესი ჩემს დასთან და სიძესთან ერთად წამოვიწყეთ, ყველაფერი ჩვენი ხელით გავაკეთეთ. ფერადად მოვხატეთ კოტეჯები და თითოეული დეტალი საკუთარი ხელით მოვაწყვეთ. 2016 წლის სექტემბერში დავიწყეთ მოწყობა და მაისის თვეში უკვე მზად ვიყავით მიგვეღო ტურისტები. პირველად ქართველი მომხმარებლები მივიღეთ და დიდი მოწონებაც დავიმსახურეთ მათგან. ვფიქრობთ, გამოვირჩევით მხიარული და ფერადი გარემოთი, რასაც ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ. სულ ოთხი ნომერი გვაქვს. აქედან ორი ხუთადგილიანია (თითო ადგილი 20 ლარი), ხოლო ორი ორადგილიანი (თითო ადგილი 25 ლარი).
თქვენი აზრით, რა არის ის ძირითადი პრობლემები, რის გამოც რაჭას ნაკლები ტურისტი სტუმრობს?
– მთავარი გზის პრობლემაა, არ არის ტურისტული ბილიკები, რაც ტურისტებს დანიშნულების ადგილამდე მისვლას გაუმარტივებდა. სხვა კუთხეებთან შედარებით, რაჭა ტურისტულად ნაკლებად განვითარებულია. არ არის გასართობი ადგილები. არ ხდება რაჭის, როგორც მთის კურორტის პოპულარიზაცია. ტურისტებმა არ იციან რეალურად აქ რა უნდა ნახონ. ასევე რაჭველ ხალხს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, არც პოტენციალი და რწმენა რომ შეუძლიათ წამოიწყონ მცირე ბიზნესი. რაც საშუალებას მისცემთ თავად განვითარდნენ ეკონომიკურად და განავითარონ საკუთარი კუთხე. ეს არის კიდევ ერთი შემაფერხებელი მიზეზი, რის გამოც ხალხი ბიზნესის წამოწყებას ერიდება.
როგორია „გარემოს“ სამომავლო გეგმები?
– სამომავლოდ, მოთხოვნიდან გამომდინარე ვაპირებთ დავამატოთ ახალი კოტეჯი და სწორედ ამ სიახლით შევხვდებით მომავალ სეზონს. გარდა ამისა გვაქვს ტურები, რომელსაც ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს. ჩვენი დევიზია „აღმოაჩინე რაჭა ჩვენთან ერთად“. ძალიან ბევრი ტურისტი მოდის და აღფრთოვანებულები რჩებიან იმ გარემოთი და მომსახურებით, რასაც მათ ვთავაზობთ.
მარიამ ლეკიაშვილი
Discussion about this post