ხინკალი ქართული სამზარეულოს სავიზიტო ბარათია. ყველასათვის საყვარელი კერძი, რომლითაც თავს ვიწონებთ და ტურიტებსაც ხშირად ვურჩევთ მის გასინჯვას. სულ ცოტა ხნის წინ ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქცია „ცომი“ გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლებს ხინკლის ცომის მზა ფირფიტებს სთავაზობს. წარმოების იდეა 36 წლის ნიკოლოზ სარაჯევს ეკუთვის, რომელიც თავად მზარეულია. პროდუქცია სულ რაღაც ერთი თვეა რაც ბაზარზე გამოჩნდა და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. კომპანიის დამფუძნებელი ნიკოლოზ სარაჯევი „თბილისი თაიმსს“ პროდუქციის შექმნისა და კომპნაიის სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
ჩვენს მკითხველს რომ მოუყვეთ, საიდან გაგიჩნდათ იდეა გეწარმოებინათ ხინკლის ფირფიტები?
– ძალიან ბევრი სპეციალობა შევიცვალე და ყოველთვის ვეძებდი ისეთ საქმიანობას, რომელიც ჩემთვის საინტერესო იქნებოდა. დამოუკიდებლად შევძლებდი მის მართვას. საბოლოოდ, გადავწყვიტე ბედი კულინარიაში მეცადა და მცირე დროში მივხვდი რომ ეს საქმე ძალიან მომწონდა. ამ დროის განმავლობაში ყოველთვის მინდოდა, რომ რაიმე სიახლე შემეტანა ქართულ კულინარიაში.მინდოდა ისეთი რაღაც გამეკეთებინდა, რაც მზარეულებსა და კულინარებს გაუადვილებდა საჭმლის კეთების პროცესს. ხინკალი ყველასთვის საყვარელი საჭმელია, რომელის კეთება საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა ხინკლის ფირფიტები.
რამდენად მოთხოვნადია „ცომი“ ქართულ ბაზარზე?
– ჩვენი პროდუქცია სულ ერთი თვის წინ გამოჩნდა სოციალურ ქსელში და დღეს საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. „ცომი“ უკვე რამდენიმე რესტორნს მიეწოდება, რომელთაც უკვე მზადება ხინკალი. გამოჩენისთანავე საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა, რასაც არ ველოდი. ერთი წლის მანძილზე მუდმავად ვტესტავდი, რათა მაღალი ხარისხის პროდუქცია მეწარმოებინა. ჯერჯერობით არ ყოფილა შემთხვევა ვინმეს არ მოსწონებოდა ჩვენი პროდუქცია. ამ საქმეში მთელი ჩემი ენერგია ჩავდე, რადგან უპირველესად ჩემთვის საყვარელი საქმეა და ბოლოს მოგების წყარო.
როგორია პროდუქციის წარმოების პროცესი?
– „ცომი“ საწარმოში, დანადგარების მეშვეობით მზადდება. რა თქმა უნდა, ადამიანების ჩართულობით. ამ ეტაპზე საწარმოში სულ 4 ადამიანია დასაქმებული. მის დასამზადებლად გამოიყენება მხოლოდ წყალი, ფქვილი და მარილი. არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატს.
როგორია ფასები და სად შეიძლება „ცომის“ შეძენა?
– თითოეულ შეფუთვაში 10 ფირფიტაა მოთავსებული და მისი ფასი 2.50 ლარია.დღეს ჩვენი საწარმოს მეშვეობით ხდება პროდუქციის შეძენა, თუმცა უახლოეს მომავალში ვაპირებთ გავხსნათ მაღაზია , სადაც გაიყიდება ჩვენი პროდუქცია. ამ ეტაპზე ქსელურ სუპერმარკეტებთან აღარ იგეგმება თანამშრომლობა სხვადასხვა მიზეზის გამო. გვაქვს ასევე მიტანის სერვისი.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– სამომავლოდ ვგეგმავთ გაფართოებას. კომპანია „ცომი“ მომხმარებლებს მუდმივად ახალ და განსხვავებულ პროდუქციას შესთავაზებს. უახლოეს მომავალში მოთხოვნიდან გამომდინარე ვაპირებთ რაიონებშიც გავხსნათ სავაჭრო ობიექტები, სადაც გაიყიდება ჩვენი პროდუქცია. ასევე ვგეგმავთ პროდუაციის ექსპორტზე გატანას.
მარიამ ლეკიაშვილი