„არჩევნები არის ის კონკრეტული პროცესი და მდგომარეობა, რამაც გამოიყვანა ეკონომიკა ამ მოკლევადიანი წონასწორობის მდგომარეობიდან. როგორც კი ლარი იწყებს გაუფასურებას, იქმნება უარყოფითი მოლოდინების ფაქტორი, რომ კიდევ უფრო მეტად გაუფასურდება“ , – ლარის კურსის ვარდნის შესაძლო მიზეზების შესახებ ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ „იმედზე“, გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში ისაუბრა.
„შემოსავლის ნაწილს ვხარჯავთ უცხოური ვალუტის შესყიდვაზე, საგარეო ვაჭრობის დეფიციტი გვაქვს, ამიტომ ვიღებთ სესხს იმისათვის, რომ გავისტუმროთ. ამიტომ იქმნება მოთხოვნა დოლარზე. როდესაც დროის გარკვეულ მომენტში შემოსავალი არ იზრდება, მაგრამ იზრდება ხარჯები, ეკონომიკა გადადის უწონასწორო მდგომარეობაში, იზრდება მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე და ეს იწვევს კურსის ვარდნას.
ვცდილობთ ჩვენი დანაზოგი მივმართოთ უცხოური ვალუტის შესყიდვაზე. ლარის კურსის ვარდნა მოკლევადიანმა რყევამ, არჩევნების პროცესმა გამოიწვია. თუ უარყოფითი მოლოდინების ტენდენცია გაგრძელდა, ადამიანებს ექნებათ განცდა,რომ ახალი ტურისტული სეზონის დაწყებამდე ლარი კვლავ გაუფასურდება და შემოსავლის დიდ ნაწილს დააბანდებენ უცხოურ ვალუტაში.
წონასწორობას არღვევს არჩევნები, არასწორი ბიუჯეტის ხარჯვა. რაც შეეხება ფუნდამენტურ ფაქტორებს, სტატისტიკური მონაცემები მწირი გვაქვს. სავაჭრო ბალანსი უარყოფითია მაგრამ საგადამხდელო ბალანსში კარგი მაჩვენებელი გვაქვს. როგოორც ფინანსთა მინისტრი ამტკიცებს, უცხოური ვალუტის მეტი შემოდინებაა წელს, ვიდრე შარშან“ ,- განაცხადა აკაკი ცომაიამ.
მანანა ღოღობერიძე