„საზოგადოებაში როცა არის მოთხოვნა,რომ კამერით იყოს გადაღებული ადამიანის დაკავება, ეს ნიშნავს,რომ არ არის ნდობა. იმიტომ კი არა,რომ საზოგადოებას არ უყვარს პოლიცია, უბრალოდ ადამიანებს ახსოვთ შემთხვევები,როდესაც არ მოხდა გამოძიება და საზოგადოებას დარჩა კითხვები“ , – ნუცუბიძის ქუჩაზე მოქალაქის გარდაცვალების ფაქტის შესახებ, რა იყო ეს, უბედური შემთხვევა თუ პოლიციელის შეცდომა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა „იბერიას“ ეთერში, გადაცემაში „ცენზურის გარეშე“ ისაუბრა.
„იმ სამწუხარო ფაქტებზე დაყრდნობით, რომელიც შეგვიძლია შვაფასოთ, როგორც არაეფექტურად წარმართული გამოძიება, საზოგადოებაში არის ნიჰილიზმი, ვიდრე რწმენა, რომ გამოძიება ისევ არ იქნება სწრაფი, არ დადგინდება სიმართლე და დამნაშავეები დაუსჯელები დარჩებიან. გამოძიება ვერ გააცოცხლებს ამ ადამიანს, მაგრამ სხვა ადამიანების სიცოცხლეს დაიცავს, თუ ჩაატარებს ეფექტურ გამოძიებას. ამ ეტაპზე პოლიციელების დამნაშავეობაზე მტკიცებით ფორმაში ვერ ვისაუბრებთ, ეს მხოლოდ შეუძლია სასამართლოს.
მახსენდება შემთხვევები,როდესაც სამხრე კამერებით გადაღებული ვიდეო გაფუჭებული იყო ან კამერა ჩართული არ იყო. საქმეები სადაც პოლიციელები ფიგურირებენ, გაგრძელდა ბუტა რობაქიძის საქმის შემდეგ და გაგრძელდა დაუსჯელობის სინდრომი, ეფექტური გამოძიების სისტემა ვერ დაინერგა. პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და ეს უკვე არის შედარებით დადებითი ნაბიჯი, მაგრამ აქაც არსებობს რისკი,რომ გამოძიება ბოლომდე სწორად არ წარიმართოს და ვერ გაერკვეს საზოგადოება და ჭირისუფალი თუ რა მოხდა.
ის ადამიანები,რომლებიც არღვევდნენ კანონს, დღემდე რჩებიან სტრუქტურებში. ეს არ ეხება მხოლოდ ძალის გადამეტების შემთხვევებს. შსს-ში და პროკურატურაში ისევ რჩებიან ადამიანები,რომლებიც წლების განმავლობაში არღვევდნენ ადამიანის უფლებებს. ჩვენ პასუხი არ მოგვიკითხავს არც დამკვეთისთვის და არც შემსრულებლისთვის“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მანანა ღოღობერიძე