„დღეს საზოგადოების ნაწილი პოლიციელებს თვლის მკვლელებად, ან მკვლელობაში მონაწილე პირებად, რაც მგონია რომ არის უსამართლობა. ამ წუთას არ გვაქვს არანაირი დოკუმენტაცია, რომელიც გვეუბნება, რომ მკვლელობა იქნა საერთოდ ჩადენილი“ , – ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე „გირჩის“ წევრმა, იურისტმა იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„ვფიქრობ, რომ საერთოდ არაფერი მოხდებოდა შსს რომ ნორმალურად მოქცეულიყო. გასაგები იქნებოდა ყველასთვის რაც მოხდა. იმ ადამიანების დადანაშაულება, რომლებმაც პირი თუნდაც ელემენტალური სამართალდარღვევის გამო დააკავეს და მას დაკავების მომენტში გული გაუსკდა, არის ამორალური საქციელი. ხელზე რომ ხელბორკილი დაადეს ადამიანს, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ამის გამო გარდაიცვალა. ეს ადამიანი შეიძლება გარდაცვლილიყო სხვა ნებისმიერი მიზეზითაც. ჩვენ ჯერ არაფერი ვიცით. შსს-მ ამ ფაქტის დაფიქსირებიდან მეორე წუთში დაიწყო ყველაფერი იმისთვის, თითქოს არაფერი მომხდარა. თითქოს ამ ადამიანის ბრალია, რომ გარდაიცვალა, რაც ასევე არასწორია. შსს-მ ასეთ დროს უნდა განახორციელოს ჩვეულებრივი მოქმედებები და არა არაჩვეულებრივი, მეზობლების ჩაწერა, თქმა რომ ვიღაცა სვამს, ფსიქოტროპულ წამლებზეა. ვიღაცა რომ წამალს იღებს, უნდა ელოდნენ რომ გარდაიცვლებიან? შსს-ს ამ ყველაფერთან რა კავშირი აქვს.
სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში პოლიციელების დიდმა ნაწილმა არ იცის რას წარმოადგენს, რა როლი აქვს საზოგადოებაში. ჩვენი მოქალაქეების დიდმა ნაწილმა არ იცის რა არის პოლიცია, რა ვალდებულებება აქვს მას. პოლიციელების უდიდესმა ნაწილმა არ იცის ვინ არის მისი ბოსი,რომ პოლიციის უფროსი კიარა, ქართველი ხალხია, რომელმაც ის კონკრეტული სამუშაოების შესასრულებლად დაიქირავა. პოლიცია არის ზუსტად ისეთი მუშა, როგორც, მაგალითად მეეზოვე, რომელიც დილის 6 საათზე ქალაქს გვის.
შეხედეთ პოლიციის უფროსებს, მათ წარმოუდგენიათ ქართველი ხალხის უფროსად თავი. მათ გააჩნიათ ერთი მორალი: ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს. ეს მორალი საბჭოთა კავშირიდან დღემდე არ შეცვლილა. ვანო მერაბიშვილის დროს გვითხრეს,რომ პოლიციელი ძაღლი არ არის და ეს აიკრძალა კანონით, მაგრამ თვითონ არ შეუცვლიათ ლოგიკა,რომ ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს. ერთმანეთზე ხელის დაფარება უყვართ.
ამით არ ამოიწურება შსს-ს პრობლემები, ის რომ ამ ფაქტმა ამხელა აჟიოტაჟი და უნდობლობა გამოწვია, ეს არის მთავარი პრობლემა. პოლიციამ ვერ მოიპოვა ავტორიტეტი,რომ მას მკვლელობაში არ დასდონ ბრალი. ის თავის მეგობრად ვერ მიიღო საზოგადოებამ და შსს-მ ამაზე უნდა იმუშაოს. ამისთვის პოლიცია უნდა იყოს ნაკლებად ამაყი და ამპარტავანი“ ,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.