რამდენიმე წელია, რაც საქართველოში სან დიეგოს უნივერსიტეტის ფილიალი გაიხსნა. თუკი ადრე ქართველი ახალგაზრდები უცხოენოვანი დიპლომის ასაღებად საზღვარგარეთ მიდიოდნენ, ახლა მათ საშუალება აქვთ სამშობლოდან გაუსვლელად ამერიკული დიპლომი აიღონ. რაც მთავარია, დიპლომთან ერთად, სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სტუდენტებს ხარისხიან განათლებას-დასაქმების პერსპექტივით პირდებიან. ეს, ცხადია, საქართველოში ფუფუნებად ითვლება. როგორ შეიძლება სან დიეგოს უნივერსიტეტში ჩაბარება, რა სტანდარტებით ეუფლებიან სტუდენტები სწავლა-განათლებას, ამ და სხვა საკითხებზე, „თბილისი თაიმსი“ სან დიეგოს უნივერსიტეტის, ქართული ფილიალის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ესაუბრა.
რამდენი ხანია, რაც სან დიეგოს უნივერსიტეტი ფუნქციონირებს, გახსნის იდეა ვის ეკუთვნის და უნივერსიტეტის ტერიტორია როგორ განისაზღვრა?
– სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ასწლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტია. ის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია კალიფორნიის შტატში – 35000 სტუდენტით და 130 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტით კვლევითი საქმიანობისთვის. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს 2015 წლიდან სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. აღნიშნული პროგრამები-საქართველოში სამშენებლო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას უწყობს ხელს.
პროგრამები სამ პარტნიორ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. პარტნიორ უნივერსიტეტებში გარემონტდა და უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვა ლაბორატორიები და საკლასო ოთახები, რათა სტუდენტებმა თეორიულ ნაწილთან ერთად მაღალი დონის პრაქტიკული ცოდნის მიღება შეძლონ.
სან დიეგოს უნივერსიტეტში ჩარიცხვა როგორ ხდება, სწავლა რამდენ წლიანია და სტუდენტებს რა მიმართულებებს სთავაზობთ? კურსდამთავრებულები რომელ ენოვან დიპლომს აიღებენ?
– პროგრამებზე ჩარიცხვა Apply SDSU-ს ადრეული რეგისტრაციის პროგრამით არის შესაძლებელი.
SDSU-საქართველოს პროგრამებზე მიიღებიან სტუდენტები, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებში დადგენილი კომპეტენციის ზღვარის გადალახვას შეძლებენ. თუმცა, უნდა აღნინიშნოს, რომ ზედიზედ მესამე წელია, ეროვნული გამოცდების შედეგებით ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტები არჩევანს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტზე აკეთებენ.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს საბაკალავრო პროგრამებზე 2017 წელს 205 სტუდენტი ჩაირიცხა, აქედან 183 საქართველოს მოქალაქეა, ხოლო 22 საერთაშორისო სტუდენტი, რვა ქვეყნიდან. ამჟამად უნივერსიტეტის პროგრამებზე, საქართველოში, 400-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
SDSU სტუდენტებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ოთხწლიან საბაკალავრო პროგრამებს სთავაზობს:
ელექტრული ინჟინერია
- კომპიუტერული ინჟინერია
- სამოქალაქო ინჟინერია
- სამშენებლო ინჟინერია
- კომპიუტერული მეცნიერებები
- ქიმია/ბიოქიმია
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისგან, ამერიკულ დიპლომს მიიღებენ.
სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლა რა თანხებთანაა დაკავშირებული? შიდა საუნივერსიტეტო სტიპენდიები თუ გაქვთ?
– სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ნებისმიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე, სწავლის ღირებულება წელიწადში 7500 დოლარს შეადგენს.
საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტებს, სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესაძლებლობა აქვთ.
სტუდენტებს, აგრეთვე, შეუძლიათ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისგან, სრული ან ნაწილობრივი (25%, 50%, 75%, 100%) ფინანსური დახმარება მოიპოვონ.
სწავლების როგორი მეთოდი გაქვთ, სხვა უნივერსიტეტებისგან რა გამოგარჩევთ? სან დიეგოს უნივერსიტეტი რამდენად კონკურენტუნარიანია?
– სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებს საერთაშორისო აკრედიტაცია აქვს. სწავლა იგივე პროგრამით ხორციელდება, რომლითაც სან დიეგოში, შედეგად სტუდენტები უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ საერთაშორისოდ აკრედიტებულ ამერიკულ დიპლომს იღებენ, რაც მათ მსოფლიო დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანს ხდის. სწავლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. ლექციებს ამერიკელი და ამერიკაში გადამზადებული ქართველი პროფესორები კითხულობენ. თეორიული ცოდნის გარდა სტუდენტები, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიებში, პრაქტიკულ გამოცდილებასაც იღებენ. დიდი ყურადღება ენიჭება ზოგადი განათლების კომპონენტს, რომელიც სტუდენტებს უვითარებს ისეთ უნარებს როგორიცაა: პრეზენტაციების გაკეთება, საჯარო გამოსვლა, ანალიტიკური უნარები და ა.შ.
შეიძლება ითქვას, რომ SDSU-ს სტუდენტები, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორებში უკვე ყველაზე მოთხოვნადი კადრები არიან. ჩვენი პროგრამები დაგეგმილია ისე, რომ სტუდენტები შრომის ბაზრის საჭირობების შესაბამისად მომზადდნენ.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში, კერძო სექტორსა და სტუდენტების პოტენციურ დამსაქმებლებთან მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს. სპეციალურად ამ მიზნით, შექმნილია მრჩეველთა საბჭო, რომლის წევრები საქართველოსა და აშშ–ის კერძო და საჯარო სექტორსი წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები არიან. აღნიშნული კავშირები, აგრეთვე ჩვენი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამების შესაქმნელად გამოიყენება. ბევრი სტუდენტი სტაჟირებას პირველივე კურსიდან გადის. ამაში მათ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალური კარიერული განვითარების პროგრამა ეხმარება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები სწავლობენ კარიერული განვითარების სხვადასხვა ტექნიკებს და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიურ დასაქმებისა და სტაჟირების ფორუმში იღებენ მონაწილეობას.
ნინო ზარიძე