„მე ვანო მერაბიშვილს ველოდები,როგორც მეგობარს. რაც შეეხება პარტიას, მას აქაც ჰყავს ბევრი მეგობარი და თანამოაზრე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მერაბიშვილი თავად მიიღებს“ , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ „ტვ პირველზე“, გადაცემა „პირველების“ეთერში ისაუბრა.
„მერაბიშვილი არის მხოლოდ თანაბრალდებული. ინტერპოლმა და ორი დასავლური ქვეყნის სასამართლომ დაადგინა,რომ მტკიცებულებები არ არის საკმარისი და საქმე გვაქვს პოლიტიკურ დევნასთან. რა თქმა უნდა ერთი მხრივ ვარ მიკერძოებული, რადგან მის დაცვის მხარეს წარმოვადგენდი, მაგრამ სტრასბურგის სასამართლომ დაარღვია მე-5 მუხლი და არასწორად იქნა გამოყენებული პატიმრობა. პატიმრობის შეფარდებისას არ ჩანდა ხელისუფლების მოტივაცია, მაგრამ გაყვანის ფაქტმა ეს მოტივი გამოავლინა.
მე ნამდვილად არ ვიცნობდი მეგის ქარდავას, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მე 2009-2012 წლებში ვმუშაობდი იუსტიციის სამინისტროში და ვიღებ პასუხისმგებლობას იმ წლებზე. სასჯელაღსრულების სამინისტროში რაც ხდებოდა, ასევე უკანონო თვალთვალი და სრული დაუსჯელობა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში, ყველა ამ საქმეზე მეგის ქარდავა რა თქმა უნდა არის პასუხისმგებელი. მე ჩემი საქმით ვიყავი დაკავებული, მაგრამ მაინც ვგრძნობ ამ პერიოდზე პასუხისმგებლობას. არჩევნებზე რომ ხალხი ხმას აღარ აძლევს ამ სისტემას, ესაა პოლიტიკური სასჯელი“ , – განაცხადა ოთარ კახიძემ.
მანანა ღოღობერიძე