ჩვენს ქვეყანაში ხელნაკეთი ნივთების დამზადება საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. სოციალურ ქსელებში უამრავ ონლაინ მაღაზიას შეხვდებით, სადაც სხვადასხვა დიზაინერისა თუ მოყვარული ხელვანების ხელნაკეთი აქსესუარები იყიდება. ,,თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა ამ თემით და ვესაუბრეთ ხელნაკეთი ნივთების ონლაინ მაღაზია ,,კელსის – Kells” დამფუძნებელს, თათია თომაძეს, რომელმიც საკუთარი ბიზნესისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვესაუბრა.
თათია, მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ. როდის გაგიჩნდათ ხელნაკეთი ნივთების დამზადების სურვილი?
– ხელნაკეთ ნივთებს პატარაობიდან ვაკეთებდი, ხან საფულეებს ვკერავდი, ხან ბლოკნოტებს. შემდეგ თიხაზე გადავედი (FB: Matata-ხელნაკეთი აქსესუარები) და პარალელურად ჩემით ვცდილობდი ხეზე კვეთა მესწავლა.
თითქმის 4 წლის წინ, როდესაც პირველად გამოჩნდა ილიას უნივერსიტეტში fab lab-ი საქართველოში, გადავინაცვლე მის გარემოში, ჩემი პირველი სტარტაპი უკვე არსებობის 3 წელს ითვლის, სადაც მე და ჩემი მეგობარი, თამო ხაჟომია, ვამზადებთ უამრავ ნივთს: სანათები, ბლოკნოტები, ალბომები, ჩანთები, სათვალის ბუდეები, აქსესუარები და სხვა (FB: Light Group).
დაახლოებით წელიწადნახევრის წინ მეორე სტარტაპი შევქმენი, სადაც მხოლოდ მე ვაკეთებ ნივთებს, ძირითადად მამაკაცებზე გათვლილი ნივთებია. თუმცა მანდილოსნებიც სიამოვნებით ატარებენ, ესენია: ხის საფულეები და სიგარეტის ჩასადებები (FB: კელსი – Kells).
ძირითადად რა მასალაზე მუშაობთ და რა სახის ნივთებს ამზადებთ?
– ძირითადად ვმუშაობთ ხეზე და ტყავის შემცვლელზე, გვიმუშავია ორგმინაზეც შეკვეთიდან გამომდინარე. ვამზადებთ: სანათებს, ბლოკნოტებს, ალბომებს, ჩანთებს დიდი და პატარა დიზაინისას, ჩანთა ჩემოდნებს, სათვალის ბუდეებს, აქსესუარებს, ხის საფულეებს, სიგარეტის ჩასადებებს და სხვა.
სად ეწყობა თქვენი ხელნაკეთი ნივთების გამოფენები და რა არის მათი სარეალიზაციო ფასი?
– გამოფენა-გაყიდვებს ჩვენი ნივთებისას ინდივიდუალურს არ ვაწყობთ, როგორც წესი სხვადასხვა ორგანიზაციის მიწვევით ვმონაწილებთ სხვადასხვა გამოფენაში. ფასი 10 ლარიდან იწყება და ძირითადად 120 ლარამდეა, თუმცა ყველაზე გამოფენა-გაყიდვაზე ფასდაკლებებს ვაკეთებთ.
თათია, ვიცით, რომ საკმაოდ დიდი კონკურენციაა და სოციალურ ქსელშიც უამრავი გვერდი არსებობს, რომლებიც ხელნაკეთ ნივთებს გვთავაზობენ. როგორ ახერხებთ მომხმარებლის მიზიდვას?
– მომხმარებელს ჩვენი უნიკალური დიზაინით ვიზიდავთ, ხარისხით და, რაც მთავარია, დაბალი ფასით. ჩვენთვის უმთავრესია მომხმარებელი იყოს კმაყოფილი. ეს უდიდესი სტიმულია.
გაქვთ თუ არა გამორჩეული ნამუშევარი, რომელიც თქვენი შემოქმედების განუყოფელი ნაწილია?
– გამორჩეული ნამუშევარია არ მაქვს, როგორც იტყვიან ყველა ნივთის იდეა ჩემთად დაიბადა და ფრთებიც მე შევასხი. ყველა ნივთი განსაკუთრებულად მიყვარს და რომელიმე ერთს ვერ გამოვყოფ.
თქვენს სამომავლო გეგმებზეც რომ გვესაუბროთ. რამე სიახლეს ხომ არ გეგმავთ უახლოეს მომავალში?
– სამომავლოდ ვგეგმავთ დიდ მაღაზიებში შესვლას რაზეც მოლაპარაკებები 1 წლის წინ დაიწყო, ასევე ვფიქრობთ ჩვენი მაღაზიის გახსნაზეც, რასაც ნამდვილად არ გამოგაპარებთ.
მარიამ გობიანიძე
Discussion about this post