საქართველოში ნატო-ს პოპულარობის მიზეზებზე და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიმართ მოსახლეობის ნდობის ფაქტორებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გია ჯაფარიძემ „ტვ პირველზე“, გადაცემაში „ნატო პირველზე“ ისაუბრა.
„როგორც კი რაიმე ხელშესახები შედეგი გვაქვს ნატო-სთან, საზოგადოებაში იმ ადამიანების პროცენტი,რომლებიც ალიანსს ენდობიან, მაშინვე იწევს. ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი 70-75 %-ს ქვემოთ არასდროს ჩამოსულა. დანარჩენ 25 %-ში ყველა ანტი-დასავლურ პოლიტიკურ ძალას სურს თავისი ადგილის პოვნა. დასავლურ ფრონტზე ადგილის დამკვიდრება გაცილებით რთულია. ამ ადამიანებს გააჩნიათ ნოსტალგია ახალგაზრდობაზე, ბავშვობაზე, საბჭოთა კავშირსა და რუსეთზე. ნატო-ს მიმართ სკეპტიკურად განწყობილები არიან დაახლოებით 60-65 წლის ასაკის ადამიანები და ახალ საქართველოში გაუჭირდათ ადგილის პოვნა, მათთან კომუნიკაციაა საჭირო.
მნიშვნელოვანი ფაქტორია რუსული პროპაგანდა,რომელიც საქართველოში სხვადასხვა გზით შემოედინება. „ენ-დი-აი“-ს კვლევების მიხედვით, საქართველოში ძირითადი ინფორმაციის წყარო არის ისევ ტელევიზია და რეიტინგის პირველ ათეულში არის რუსულენოვანი არხები. თუმცა რუსული პროპგანადის დიდი დოზით მიწოდება ქართული არხებიდანაც ხდება. საგულისხმოა, რომ საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 40%-ს აქვს წვდომა ინტერნეტთან და ინფორმირების ერთადერთი წყარო ტელევიზიაა.არაურბანულ და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში უფრი ნაკლებია ნატო-ს მხარდაჭერა.
იზრდება საქართველოში იმ ადამიანების რიცხვი,რომლებიც დაიბადნენ თავისუფალ ქვეყანაში. ამიტომ რუსული პროპაგანდა ნელნელა შესუსტდება. ეს საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის ნიშანია“, – განაცხადა გია ჯაფარიძემ.
მანანა ღოღობერიძე