ბამბის ნაყინი ყველა ბავშვის საყვარელი ტკბილეულია. ფერადი, ფუმფულა „ბამბა“, რომელიც ბავშვების ყურადღებას ადვილად იპყრობს, არაჩვეულებრივი გემოთიც გამოირჩევა. ქართულ ბაზარზე ბამბის ნაყინის მწარმოებელი ახალი კომპანია გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლებს განსხვავებულ მომსახურებას სთავაზობს.
სტარტაპი „100% ბამბა“ მაისში გამოჩნდა და მას შემდეგ არაერთ ღონისძიებაში იღებს მონაწილებას. თანამშრომლობს სხვადასხვა „ივენთ კომპანიასთან“ და იღებს შეკვეთებს როგორც კორპორატიული, ასევე ინდივიდუალური ღონისძიებებისთვის. „თბილისი თაიმსთან“ კომპანიის დამფუძნებელი ნატა ნათაძე ბამბის ნაყინის შექმნისა და სამომალო გეგმების შესახებ საუბრობს.
თავდაპირველად თქვენზე რომ მოგვიყვეთ, საიდან გაგიჩნდათ იდეა წამოგეწყოთ ბამბის ნაყინების სტარტაპი?
– სტარტაპის წამოწყების იდეა გაჩნდა მოულოდნელად და ყოველგვარი დიდი ფიქრის გარეშე გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ბამბის ნაყინის ბრენდი „100% ბამბა“. ბამბის ნაყინი ბავშვების საყვარელი ტკბილეულია, რომელიც განსაკუთრებული ჰიგიენისა და შესაბამისი ნორმების დაცვას საჭიროებს. დღეს ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში არცთუ ისე კარგი მდგომარეობა გვაქვს. ქუჩებში, ხშირად შეხვდებით ძალიან ცუდ პირობებში, კუსტარული აპარატით დამზადებულ ნაყინს, სადაც არ არის დაცული ჰიგიენის წესები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის სრულიად განსხვავებული, ვიზუალურად ლამაზი სტედნი, სადაც ბამბის ნაყინის მომზადებისას განსაკუთრებული ყურადღება სისუფთავეს და გემოს მიექცეოდა.
რა არის ის, რითიც განსხვავდებით სხვებისგან?
– ჩვენ ძირითადად ვმუშაობთ დღესასწაულებზე, იქნება ეს დაბადების დღე, კორპორატიული საღამო თუ ნებისმიერი გასართობი ღონისძიება. ზაფხულში აქტიურად დავდიოდით თბილისის ახლო მდებარე აგარაკებზეც. ჩვენი მომსახუება გათვლილია, როგორც საბავშვო, ასევე მოზრდილებისთვის განკუთვნილ დღესასწაულებზე. მაქსიმალურად ვცდილობთ, გავალამაზოთ მათი დღე და შევუქმნათ უგემრიელესი ნაყინი. „100% ბამბა“ ორი სახის ბამბის ნაყინს ამზადებს: ღია ვარდისფერს და ლიმნისფერს. შაქრის გარდა, პროდუქტის შემადგენლობაში კვებითი საღებავიცაა, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით, რომელიც ჯანმრთელობისთვის უსაფრთოა.
როგორია კონკურენცია და რამდენად მოთხოვნადია ქართულ ბაზარზე?
– ის რასაც ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს -ღონისძიების გაფორმება ბამბის ნაყინით არის ახალი და ნელ-ნელა იკიდებს ფეხს საქართველოში. თუ უცხო ქვეყნებში მსგავსი პრაქტიკა მიღებული და ფართოდ გავრცელებულია სხვადასხვა სახის წვეულებაზე , ქართულ ბაზარზე სულ უფრო და უფრო იმატებს მოთხოვნა და დაინტერესებაც დიდია მომხმარებლების მხრიდან.
როგორია ფასები და როგორ შეიძლება მომსახურების შეძენა?
– როგორც აღვნიშნე, ამ ეტაპზე ძირითადი ლოკაცია არ გვაქვს, გვაქვს საათობრივი მომსახურება 1 საათი თბილისის მაშტაბით ღირს 170 ლარი, რაშიც შედის ულიმიტო ბამბის ნაყინი, მომსახურე პერსონალი, ტრანსპორტირება. ყოველი მომდევნო საათის ღირებულება მცირდება. 3 საათით და მეტი დროით მოთხოვნის შემთხვევაში მოქმედებს განსხვავებული ტარიფი, რაც მომხმარებლებს გარკვეულ ფასდაკლებას სთავაზობს.
სამომავლო გეგმების შესახებ რომ მოგვიყვეთ, რა სიახლეებით ხვდებით ზამთრის მოახლოებას
– სამომავლოდ გვსურს ახალი დანადგარის შეძენა, ასევე ვაპირებთ განვათავსოთ სტენდი ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ცენტრში. რაც შეეხება ზამთრის სეზონის მოახლოებას, განსაკუთრებით საახალწლო პერიოდში, ვაპირებთ სხვადასხვა ღონისძიებაში ჩართვას და ბავშვებისთვის დღესასწაულის მეტად გალამაზებას და დატკბობას.
მარიამ ლეკიაშვილი