„საფრთხე რუსეთიდან მოდის ნატოსთან ჩვენი ურთიერთობის მიუხედავად.ნურავის ექნება ილუზია,რომ ნატოსკენ ჩვენი სწრაფვა არის რუსეთის მტრობის მიზეზი. ეს არის გულუბრყვილო მსჯელობა, ან რუსული ნარატივი“ , – საქართველოს ნატო-სთან მიახლოების პროცესის მნიშვნელობაზე დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა გიორგი ბადრიძემ გადაცემაში „ნატო პირველზე“ ისაუბრა.
„თუ საქართველოს უნდა მიუახლოვდეს ნატოს, უნდა გადალახოს პროცესები,რომლებიც პირველ რიგში მიზანმიმართულია ჩვენი სახელმწიფოს განვითარებისთვის. ნატოსკენ მიმავალი გზა არ არის ხარკის გადახდა ორგანიზაციისთვის. სანამ გავწევრიანდებით ნატოში, ეს პროცესი მოქმედებს პოლიტიკური სისტემის მდგრადობაზე, დემოკრატიულობაზე. ნატოს პროგრამებში აქტიური მონაწილეობის შემდეგ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა ოპერაციების ჩატარების დონეზე გაზრდილია. რუსეთი ამისთვის არ გვსჯის, არ ყოფილა არანაირი ლაპარაკი ნატოზე 90-იან წლებში, როდესაც რუსეთმა ყველაფერი გააკეთა საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასაქცევად, მან შანსიც კი არ მისცა საქართველოს,რომ შემდგარიყო არა თუ პრორუსული, პროდასავლური, არამედ რამენაირი სახელმწიფო.
სამხედრო აგრესია იყო რუსეთის შიში, რომ საქართველოს დასავლეთისკენ ეხსნებოდა შესაძლებლობების ფანჯარა. ნატო-ს წევრების ქცევა ბუქარესტის სამიტზე იყო ფაქტორი, რომელმაც მიანიშნა პუტინს,რომ ეს იყო შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ ჰიტლერი დიდხანს დაფიქრდებოდა თავს დასხმოდა თუ არა დასავლეთ ევროპას და შემდეგ საბჭოთა კავშირს, ინგლისს რომ არ ეჩვენებინა მისთვის გერმანიის უუნარობა, უხერხემლობა“ , – განაცხადა გიორგი ბადრიძემ.
მანანა ღოღობერიძე
Discussion about this post