„მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში“ – ამ სიტყვებით ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიზნები ერთი შეხედვითაც არის დეკლარირებული. შესაძლოა „მიზანი ერთია, დიადი და ნათელი“, თუმცა ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესს ახლავს გამოწვევები, რომლებიც სატელევიზიო ეთერებით ხშირად განიხილება. საგარეო პოლიტიკური კურსის დასავლური ვექტორი,როგორც ჩრდილოეთიდან მომდინარე საფრთხის საფუძველი, რუსული მითები, პროპაგანდა და დეზინფორმაციის გავლენა ქართული საზოგადოების განწყობაზე, ამ ხელისშემშლელ ფაქტორებზე ქართველი დიპლომატები და სამხედრო სფეროს ექსპერტები საჯაროდ საუბრობენ. მთავარი კითხვაა არის თუ არა ნატო უსაფრთხოების გარანტი და რეალურად რა სურს საქართველოს მოსახლეობას?
საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური კურსი ცნობილია, თუმცა ბუნდოვანი რჩება ქართული საზოგადოების განწყობა და ნატო-ს ნდობის რაოდენობრივი მაჩვენებელი. ალიანსის მიმართ მოსახლეობის ნიჰილიზმის განმსაზღვრელ ფაქტორებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გია ჯაფარიძემ „ტვ პირველზე“, გადაცემაში „ნატო პირველზე“ ისაუბრა. მისი თქმით, ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი 70-75 %-ს ქვემოთ არასდროს ჩამოსულა.
„25 %-ში ყველა ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალას სურს თავისი ადგილის პოვნა. დასავლურ ფრონტზე ადგილის დამკვიდრება გაცილებით რთულია.როგორც კი რაიმე ხელშესახები შედეგი გვაქვს ნატო-სთან, საზოგადოებაში იმ ადამიანების პროცენტი,რომლებიც ალიანსს ენდობიან, მაშინვე იწევს“ , – განაცხადა გია ჯაფარიძემ.
ნატო-ს მიმართ მოსახლეობის ნდობის შესახებ ოპტიმიზმს არ იზიარებს ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი, რომელსაც არგუმენტად „აირაის“ და „ენ-დი-აის“ კვლევები მოჰყავს და ამტკიცებს,რომ ნატო-ს მხარდამჭერთა პროცენტული კლების ტენდენცია თვალშისაცემია.
„2008 წელს მოსახლეობის 77% პროცენტი აფიქსირებდა ნატო-ს მხარდაჭერას. თუმცა, დინამიკას თუ მივაქცევთ ყურადღებას, ეს რიცხვი ახლა დაახლოებით 61%-ია. არ ვიცით 50%-ს რომ ჩამოცდეს როგორ ქვეყანას მივიღებთ და როგორი სენტიმენტები თუ რიტორიკა გაჩნდება“ , – აღნიშნა ირაკლი ტაბლიაშვილმა.
ექსპერტები ნატო-ს მიმართ მოსახლეობის უნდობლობის მთავარ გასაღებს ანტიდასავლურ პროპაგანდაში პოულობენ. „ენ-დი-აი“-ს კვლევების მიხედვით, საქართველოში ძირითადი ინფორმაციის წყარო ისევ ტელევიზიაა და რეიტინგის პირველ ათეულში რუსულენოვანი არხებია. თუმცა, გია ჯაფარიძე და ირაკლი ტაბლიაშვილი მთავარ საფრთხედ პრორუსული ნარატივის ქართულ სატელევიზიო სივრცეში გაძლიერებას მიიჩნევენ.
„მედიაში ისმის არა ჯეიმს აპატურაის კრიტიკული აზრი ე.წ სამმხრივ ფორმატზე, არამედ ადა მარშანიას სიტყვები. ჟურნალისტების, ხელისუფლების, ოპონენტების ერთიანი მიდგომა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი“ , – განაცხადა ირაკლი ტაბლიაშვილმა.
რუსულ-ქართული კონფლიქტი რომ ნატო-ში გაწევრიანებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი ვერ იქნება და დასავლური განვითარებით რუსული აგრესიის გაძლიერების შიში რომ უსაფუძვლოა, ამის შესახებ „ტვ პირველის“ სატელევიზიო ეთერით დიპლომატები და მმართველი გუნდის წევრები საუბრობენ. გადაცემაში „ნატო პირველზე“,დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა გიორგი ბადრიძემ განაცხადა,რომ რუსეთიდან საფრთხე ნატო-სთან ურთიერთობის მიუხედავად მოდის.
„ნურავის ექნება ილუზია,რომ ნატოსკენ ჩვენი სწრაფვა არის რუსეთის მტრობის მიზეზი. ეს არის გულუბრყვილო მსჯელობა, ან რუსული ნარატივი. რუსეთი ამისთვის არ გვსჯის, არ ყოფილა არანაირი ლაპარაკი ნატოზე 90-იან წლებში, როდესაც რუსეთმა ყველაფერი გააკეთა საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასაქცევად“ , – თქვა გიორგი ბადრიძემ.
„Membership action plan“ – „მაპი“ წევრობის სამოქმედო გეგმაა, რომელიც ნატო-საქართველოს ურთიერთობის საბოლოო ხელშესახები შედეგი იქნება. თუმცა, ხელისუფლებასა და დიპლომატიურ წრეებში მიიჩნევენ, რომ მხოლოდ „მაპი“ არ არის ერთადერთი თვითმიზანი, არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების პროცესი, რომლითაც ქვეყანა დემოკრატიულად ვითარდება.
„ყოველთვის თავს ვარიდებ კონკრეტული თარიღების და პერსპექტივების დასახელებას. საზოგადოებამ უნდა იცოდეს,რომ თვითმიზანი წევრობის გარდა არის პროცესი და გზა. ამით ქვეყანა ძლიერდება. ნატოში სვლით ვიღებთ ძლიერ ეკონომიკას, ინსტიტუტებს, სტაბილურ ქვეყანას“ , – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ „ტვ პირველზე“, გადაცემაში „ნატო პირველზე“ ისაუბრა.
„ნატოსკენ მიმავალი გზა არ არის ხარკის გადახდა ორგანიზაციისთვის. სანამ შევალთ ნატოში, ეს პროცესი მოქმედებს პოლიტიკური სისტემის მდგრადობაზე, დემოკრატიულობაზე“ , – განაცხადა გიორგი ბადრიძემ.
სატელევიზიო დისკუსიებისას ექსპერტები და პოლიტიკოსები ნატო-სთან დაახლოების აუცილებლობის მთავარ არგუმენტებად თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და სტაბილურობას ასახელებენ. „კოლექტიური თავდაცვის“ პრინციპის შესაბამისად,საქართველო დაცული იქნება ნატო-ს 28 წევრი ქვეყნის მიერ, თავდასხმა ერთ წევრ სახელმწიფოზე განიხილება, როგორც თავდასხმა ნატო-ს ყველა წევრ სახელმწიფოზე.
ჩრდილო-ატლანტიკური განვითარების მთავარ გამოწვევად კი ისევ რჩება რუსული აგრესიის გაღვივების შიში და საქართველოს კონფლიქტური რეგიონები,როგორც მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი. ამის საპასუხოდ ექსპერტები განმარტავენ,რომ ნატო-ში გაწევრიანება სამართლებრივი თვალსაზრისით ნიშნავს საქართველოს გაწევრიანებას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით, აფხაზეთის და ცხინვალის (ამჟამად ოკუპირებულ) რეგიონებთან ერთად.
მანანა ღოღობერიძე