თევზის სალათები, თევზის ხინკალი, პილმენები და კატლეტი – ეს იმ პროდუქციის მცირე ჩამონათვალია, რომელიც ბაზარზე ”უმალის” ბრენდის ქვეშ იქმნება. პროდუქციას შპს ”ახალი თევზი” აწარმოებს. კომპანია უახლოეს მომავალში კიდევ ერთ ახალ პროდუქციას შესთავაზებს მომხმარებელს.
როგორც ცნობილია ბაზარზე ქართული ხიზილალა დეკემბრის ბოლოს გამოჩნდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, თავდაპირველად სარეალიზაციო ქსელში კალმახის (წითელი) ხიზილალა გამოვა, მოგვიანებით კი დაგეგმილია ზუთხის (შავი) ხიზილალის წარმოებაც.
მათივე თქმით, პროექტი ჯერ კიდევ მუშავდება და უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი ქართული ხიზილალის ღირებულება და შეფუთვების მოცულობა.
„ამ დროისთვის კომპანია აწარმოებს თევზის ხინკალს, პილმენს და კოტლეტს. წლის ბოლომდე ეტაპობრივად დაგეგმილია პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდაც. საუბარია, ზუთხის და კალმახის პროდუქციაზე.“
შეგახსენებთ თევზის გადამამუშავებელი კომპანია და ქარხანა ქარელის რაიონის სოფელ ურბნისში მდებარეობს. აღნიშნული საწარმო „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა.„ახალი თევზი წლიურად 150 ტონა სხვადასხვა სახეობის თევზისა და ხიზილალას წარმოებას უზრუნველყოფს. საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული. უახლოეს მომავალში მათი რიცხვი 65-მდე გაიზრდება. ამ ეტაპზე პროდუქციის 100% განკუთვნილია ადგილობრივი ბაზრისთვის, იგეგმება ექსპორტზე გატანაც.
კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 1,500,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა. აქედან, 249,081 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 311,352 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.
მარიამ ლეკიაშვილი