ჩანთები, საყურეები, ბეჭდები, ყელსაბამები, ხელით მოხატული ბლოკნოტები ეს იმ ნამუშევრების ჩამონათვალია, რომლებსაც 23 წლის ქართველი ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი სოფი უზნაძე ქმნის.
სოფიმ ნამუშევრების შექმნა დააახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა დღეს მისი პროდუქცია პოპულარულია როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ. ქართველი გოგონას ხელნაკეთ ჩანთებს კარგად იცნობენ საფრანგეთსა და ამერიკიის შეერთებულ შტატებში. Fredo Handmade-ის დამფუძნებელი სოფი უზნაძე „თბილისი თაიმსს“ ბრენდის შექმნისა და მისი წარმატების შესახებ ესაუბრა.
ჩვენს მკითხველს რომ მოუყვეთ, საიდან გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ Fredo Handmade?
– ბებია გერმანიაში ცხოვრობს და ხშირად მიგზავნიდა ნატურალურ ტყავს. ძალიან ბევრი ნატურალური ტყავი დამიგროვდა და სულ ვფიქრობდი, თუ როგორ შეიძლებოდა გამომეყენებინა. ერთ დღესაც გადავწყვიტე, გამეკეთებინა ჩანთა, რომლის შესაქმნელად ტყავის გარდა, გამოვიყენე ხის მასალაც. მიუხადავად იმისა, რომ ამ კუთხით არ მქონდა არანაირი გამოცდილება, ძალიან კარგი გამოვიდა. გონებაში მუდმივად ახალი და ახალი იდეები მომდიოდა და ვცდილობდი განსახვავებული ნამუშევრები შემექმნა. ამიტომ გადავწყვიტე დამეწყო ეს საქმიანობა და მცირე ბიზნესის სახე მიმეცა.
როგორია თავად შექმნის პროცესი?
– თითოეული ჩანთა იქმნება ხელით. გამოიყენება არავითრი ტექნიკური საშუალებები. ზოგიერთი მათგანი ხელით არის მოხატული. ჩვენი მხატვარი არის ქეთი ნოზაძე, რომელსაც საოცარი ნიჭი აქვს ფერების სწორად გამოყენების და შეხამების. მისმა ნახატებმა “ფრედო“ კიდევ უფრო მეტად მრავალფეროვანი გახადა. რაც შეეხება დიზაინს, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად ვმუშაობ, ყველაფერი ჩვენი მოფიქრებულია. ინდივიდუალურ დიზაინით შეკვეთებს არ ვამზადებ, რადგან ხშირად მომხმარებლის მოთხოვნები სცდება ჩვენს ხაზს. თუმცა მათი სურვილისამებრ ვხატავთ ჩანთებზე.
როგორია კონკურენცია და რამდენად კონკურენტუნარიანები ხართ ბაზარზე?
– სიმართლე გითხრათ, ამ კუთხით კონკურენციას ვერ ვგრძნობ, რადგან თვეში დაახლოებით ას ჩანთას ვყიდით. ეს რაოდენობა ჩემთვის სრულიად საკმარისია, რადგან როგორც გითხარით, დამოუკიდებლად ვქმნი ჩანთებს და ფიზიკურად მეტის გაკეთებას ვერ მოვასწრებ.
საქართველოს გარდა, რომელ ქვეყანაში იყიდება „ფრედო“?
– როდესაც ჩანთების კეთება დავიწყე, შევქმენი ფეისბუკის გვერდი და ჩემი ნამუშევრები სოციალურ ქსელში განვათავსე. თანდათან ჩანთები პოპულარული გახდა. უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი მწერდა და ინტერესდებოდნენ, როგორ შეიძლებოდა მათი შეძენა. ასე მოხდა უცხოეთის შემთხვევაშიც.თავად დამიკავშირდნენ და მთხოვეს გამეგზავნა ჩანთები. თავდაპირველად „ფრედო“ უკრაინასა და რუსეთში გავიდა. შემდეგ ჩემი ნამუშევრები საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზეც მოხვდა. ამჟამად ყაზახეთთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უახლოეს მომავალში გავაგზავნი ახალ კოლექციას.
როგორია „ფრედო“ ფასები და სად შეიძლება მათი შეძენა?
– ჩემი პროდუქცია რამდენიმე მაღაზიაში იყიდება, თუმცა საკმაოდ მაღალ ფასად. ამიტომ ძირითადად მომხმარებლები ფეისბუკის საშუალებით მწერენ და უკვეთავენ. ჩემთვის და მათთვისაც ასე ბევრად უფრო მოსახერხებელია. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხელნაკეთი ნივთებია, ვფიქრობ, ფასებიც ხელსაყრელი და ნორმალურია. რაც შეეხება ფასებს, იწყება 65 ლარიდან და მერყეობს 85 ლარამდე. ნატურალური ტყავის შემთხვევაში 100-120 ლარია.
როგორია „ფრედოს“ სამომავლო გეგემები?
– ვგეგმავთ საინტერესო სიახლეებს და გვაქვს ახალი იდეები. ვცდილობთ, მუდმივად დავხვეწოთ და განვავითაროთ ნამუშევრები. ასევე, გვინდა, ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად განსხვავებული დიზაინისა და მაღალი ხარისხის ჩანთები შევთავაზოთ.
მარიამ ლეკიშვილი