ქართულ ბაზარზე ახალი „სამეფო თაფლი“ გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს სრულიად ბუნებრივ და ნატურალურ პროდუქციას სთავაზობს, გამორჩეული გემოთი და ახალი მიგნებებით. კომპანიის დამფუძნებელი 20 წლის აგრარული უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი გიორგი გომელაურია. რომელმაც ჰობი წარმატებულ ბიზნესად აქცია. „თბილისი თაიმსს“ გიორგი გომელაური ბრენდის შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
ჩვენს მკითხველს რომ მოუყვეთ, საიდან გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ „სამეფო თაფლი“?
– მისი შექმნის იდეა დიდი ხანის წინ გაჩნდა. მამაჩემს 15 წელზე მეტია ფუტკარი ჰყავს. მისთვის ეს საქმიანობა უფრო მეტად ჰობი იყო, ვიდრე ბიზნესი. თუმცა, ის ყოველთვის დაინტერესებული იყო მეფუტკრეობის სიღრმისეულად შესწავლით. საბოლოოდ მისი ინტერესები ჩემ სურვილებს დაემთხვა და მამაჩემის ჰობის ბიზნეს საქმიანობად გადაქცევა დავიწყეთ. წელს შევძელით ჩვენი იდეით ბიზნეს საქმიანობის წამოწყება და დავაარსე კომპანია „სამეფო თაფლი’’.
რასთანაა დაკავშირებული ბრენდის სახელწოდება?
– სახელზე ბევრი არ მიფიქრია, ვინაიდან პროდუქტი ჩვენთვის ძალინ ფასეულია დავარქვი “სამეფო”. ხარისხი რომელიც ჩვენს თაფლს აქვს ნამდვილად სამეფოა და მას არ ჰყავს ბადალი ქართულ ბაზარზე.
როგორ შეძელით იდეა ბიზნესად გექციათ?
– ბიზნეს იდეის განხორციელების დროს მთავარია იდეა აქციო მიზანად და დასახული მიზნის მისაღწევად ბევრი იშრომო. ასევე მნიშვნელოვანია გვერდით საიმედო გუნდი შემოიკრიბო. შემდეგ უკვე რთული არაფერია.
რა სახის თაფლს სთავაზობთ მომხმარებლებს?
– ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს 100% ნატურალურ და ეკოლოგიურად სუფთა თაფლს. ამ ეტაპზე გვაქვს თაფლი 320 გ და 700 გ და ასევე ფიჭიანი თაფლი, რომლის ანალოგიც (ქილაში ფიჭა და თაფლი ერთად) ქართულ მაღაზიებში არ იყო. ასევე უახლოეს მომავალში ვამატებთ 3 სხვადასხვა ზომის ქილას.
რა არის „სამეფო თაფლის“ უპირატესობა, ანუ რა გამოარჩევს მას სხვა თაფლისგან?
– ჩვენი თაფლი გამორჩეულია იმით, რომ ის ნატურალურია და არ შეიცავს ანტიბიოტიკებს, რადგან ბოლო ორი წელია ფუტკარს ვუვლით ბიო პრეპარატებით. ჩვენს ფუტკარს ვამთაბარებთ ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ადგილებში და ვიღებთ ნატურალურ თაფლს. ყველამ, ვინც იცის როგორი უნდა იყოს ნამდვილი თაფლი, იცის ჩვენი“სამეფო თაფლის” ფასიც. ჩვენი „ფიჭიანი თაფლი’’ არის პროდუქტი, რომლის შეძენაც აქამდე მომხმარებელს მხოლოდ სახლის პირობებში შეეძლო.
როგორ მზადდება თაფლი და სად შეიძლება „სამეფო თაფლის“ შეძენა?
– თაფლის ჩამოსხმა და ეტიკეტირება ხდება კახეთში, კერძოდ ახმეტაში ყველა სტანდარტის დაცვითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით. ჩვენი თაფლის შეძენა ამ ეტაპზე შესაძლებელია კარფურში, გუდვილში, გემორჩეულსა და აგროჰაბში. ასევე ძალიან მალე ფრესკოშიც.
როგორია „სამეფო თაფლის“ სამომავლო გეგმები?
– სამომავლოდ ვგეგმავთ ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე გატანას, გვაქვს შემოთავაზებებიც სხვადასხვა ქვეყნიდან. თუმცა ეს საკითხები ჯერ განხილვის პროცესშია. ასევე ვგეგმავთ მომხმარებლებისთვის ახალი პროდუქტების შეთავაზებას.
მარიამ ლეკიაშვილი