ყველაზე მეტად, რაც ჩვენ გვაღელვებს, ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებს ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, მიმდინარე სპეცოპერაციას ყურადღებით აკვირდებიან და მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს.
”ყველაზე მეტად, რაც გვაღელვებს ეს გახლავთ მოსახლეობის უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესს და ვიცით, რომ გარკვეული ზომები იქნა მიღებული იმისთვის, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდ იყოს და არ დაზარალდეს ამ სპეცოპერაციის დროს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მათი უსაფრთხოება არის ყველაზე უმნიშვნელოვანესი”, – განაცხადა კელიმ.
ჟურნალისტის კითხვაზე იმასთან დაკავშირებით, რომ მწირი ინფორმაცია ვრცელდება ამ სპეცოპერაციაზე და უნდა ხდებოდეს თუ არა უფრო მეტად ინფორმირება საზოგადოების და ადგილობრივი მცხოვრებლების, ელჩი ამბობს, რომ სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ სამართალდამცველი ორგანოები მოახდენენ საზოგადოების ინფორმირებას.
”აქ ორი საკითხია, პირველი ის, რომ სპეცოპერაციის პერიოდში არ უნდა მოხდეს ვინმეს დაშავება. მეორე ის, რომ როდესაც დასრულდება ოპერაცია თვითონ კანონაღმასრულებელმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მიაწოდონ ინფორმაცია თუ რა მოხდა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოსახლეობის უსაფრთხოება”, – განაცხადა ელჩმა.