„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებმა დაადასტურეს,რომ მზად არიან დაიცვან საზოგადოების უსაფრთხოება, ორივე მიზანი შესრულებულია წარმატებით, მოსახლეობის დაცვა და საფრთხის განეიტრალება“ , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ზე, გადაცემა „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა.
„ხელისუფლება საზოგადოებას იცავდა პირდაპირი აგრესიისგან, შეიარაღებული თავდასხმისგან. ვხედავთ სპეკულაციებს, თითქოს ყველაფერი ცარიელ ადგილას მოხდა. დანარჩენ შეკითხვებს უპასუხებს გამოძიება. გონივრულ დროში გამოჩნდება რასთან გვქონდა საქმე. პასუხები ფაქტობრივი გარემოებების, მტკიცებულებების საფუძველზე უნდა გაიცეს და არა პოლიტიკური სპეკულაციებით. ეს არ იყო არც ძარცვა, არც ყაჩაღობა ან ავტომობილის გატაცება. ვნახეთ შეიარაღებული დაჯგუფება,რომელიც საათების განმავლობაში ცეცხლს უხსნიდა სამართალდამცველებს.
რაც შეეხება ვარაუდს,რომ ერთ-ერთი ლიკვიდირებული ადამიანი იყო აჰმედ ჩატაევი, მე არ მაქვს ინფორმაცია. თუმცა, გამოყენება როგორც მოცემულობის, რომ ვიღაცამ ტელეფონზე დაურეკა, ამან ვერ უპასუხა და ესეიგი მისი ლიკვიდაცია მოხდა, არასწორია. შეკითხვები,რომლებიც ამ ეტაპზე არსებობს, არის გამოძიებისთვის. ვახტანგ გომელაურმა თქვა,რომ არსებობს ოპერატიული ინფორმაცია,რომლის გასაჯაროვებაზეც თავი შეიკავეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას,რომ მომავალში ეს ფაქტობივი ინფორმაცია არ იქნება გამოყენებული შეკითხვებზე პასუხისთვის“ , – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მანანა ღოღობერიძე