2018 წლის 1 იანვრიდან გარკვეული კატეგორიის მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის სავალდებულო გახდება ტექნიკური ინსპექტირების პროცედურის გავლა.
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავჯდომარე დავით მესხიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ავზები, რომელშიც საწვავი ინახება, არ ირეცხება და პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებამდე საჭიროა საწვავის ხარისხის კონტროლი. მან ასევე ისაუბრა ზიანზე, რომელიც შეიძლება ამით გარემოსა და ავტომობილებს მიადგეს.
„ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა დაიწყოს ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, რასაც მხარს ვუჭერ, ამ შემხვევაში მნიშვნელოვანია საწვავის ფაქტორი: ( და საზოგადოებას უჩნდება კითხვა) საიდან შემოდის და როგორ საწვავს ვასხამთ. რატომ ვიწყებთ საერთოდ პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას? ვიწყებთ იმიტომ, რომ გამონაბოლქვი შემცირდეს, შემცირდეს ჰაერის დაბინძურება. იცით, რომ კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ. ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, საქართველო სამეულშია მსოფლიოს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება ჰაერის დაბინძურების გამო. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტი ტიმ კოვაჩი ამბობს, რომ საქართველოში ეს მაჩვენებელი მოდის ტრანსპორტზე, ანუ ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი არის ტრანსპორტი და პროცენტულად ეს 75%-ად განისაზღვრა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
როდესაც გამონაბოლქვზე ვსაუბრობთ, მივდივართ საწვავთან. აქ უკვე ჩნდება რამდენიმე კითხვა. პირველი და მთავარია ესაა – რამდენად ხარისხიანია საწვავი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოდის? ჩვენ დღეს გვაქვს მოდელი, რომლის მიხედვითაც საწვავის შემოტანაზე უფლებას სახელმწიფო აძლევს. ის არ მოწმდება არსად, არც საზღვარზე და არც გზაში. შემდეგ უკვე სახელმწიფო აკონტროლებს ხარისხიანია თუ არა საწვავი. ანუ, გამოდის, რომ ერთი და იგივე სისტემა აძლევს ნებართვას შემოტანაზე და მერე ის ამოწმებს და ამბობს, რომ კარგია. ცხადია, რომ ასე გააკეტებს ყოველთვის. იმიტომ, რომ ინტერესთა კონფლიქტია. სახელმწიფომ თუ მისცა უფლება საწვავის შემოტანაზე, მერე ხომ აღარ იტყვის, რომ საწვავი ცუდი ყოფილა. ამიტომ, ეს არის ინტერესთა კონფლიქტი. პირველი რგოლი, სადაც ჩვენ ვითხოვთ გარკვეულ ცვლილებებს, არის ეს. სახელმწიფომ უფლება უნდა მისცეს საწვავის იმპორტზე, მაგრამ ქსელში ამას უნდა აკონტროლებდეს დამოუკიდებელი ლაბორატორიები. იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების კეთილ ნებასა და განწყობაზე ვართ, მათ უნდა დავუჯეროთ, რომ ისინი კარგ საწვავს გვაწვდიან.
ქვეყანაში საწვავის ხარისხის კონტროლის რაიმე სისტემა ან მოდელი არ არსებობს. ერთადერთი, რამე დოკუმენტზე თუ ვსაუბრობთ, არის ის,რომ იმპორტიორს აქვს შესაბამისი სერტიფიკატი, რომ მოაქვს საწვავი. შემდეგ ქსელში რაც ხდება, სრული განუკითხაობაა. რამდენიმე ფრთად იშლება ეს ყველაფერი. მარტო ბენზინზე არ უნდა ვისაუბრობთ, უნდა ვისაუბროთ ასევე დიზელზეც. ჩვენ ვხედავთ, რომ რაიონებში, რეგიონებში,სოფლებში ე.წ კალისტრებით გამოტანილია საწვავი ქუჩის პირას და არავინ იცის საიდანაა შემოტანილი ან როგორ . ანუ, ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია. საწვავს ვიღაც ასე ყიდდეს, დაუშვებელია.
რაც შეეხება ქსელებს, ოფიციალურ ბრენდ კომპანიებში ეს არც დანაშაულია და არც კანონდარღვევა. ამასთან დაკავშირებით არანაირი რეგულაციები არ არსებობს. ჩვენი ინფორმაციით, ავზები, სადაც საწვავია განთავსებული, არ ირეცხება. საუბარია წლობით გაურეცხავ ავზებზე და როცა ვასხავთ, ჭუჭყი მოჰყვება. შეიძლება იყოს წყლის შემცველობაც. როდესაც ავტომობილები ჩამოგვყავს იაპონიიდან, ამერიკიდან და ა.შ, ისინი არ ანთებენ „ჩეკს“. როგორც კი ავტომობილი ჩვენს საწვავზე გადადის , დაახლოებით ერთ თვეში იწყებს „ჩეკის“ ანთებას. აქვე ხომ ჩნდება კითხვა, რატომ იწყებს ყველა ავტომობილი, რომელიც ქვეყანაში შემოდის, „ჩეკის“ ანთებას მას შემდეგ, რაც ჩვენს საწვავს ვასხამთ? ჩვენი აზრით, იმიტომ, რომ საწვავი არის დაბინძურებული, ვასხამთ და მოვიხმართ დაბინძურებულ საწვავს. ამ შემთხვევაში აზრი ეკარგება პერიოდულ ინსპექტირებას დავიწყებთ თუ სხვა რაიმე ტიპის ინსპექტირებას. დაბინძურებულ საწვავს ავტომობილი მწყობრიდან გამოჰყავს. კატალიზატორი შეიძლება მწყობრიდან სწორედ უხარისხო ან დაბინძურებულმა საწვავმა გამოიყვანოს.
ჩვენ გვაქვს ასეთი პოზიცია – პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საყოველთაოდ შემოღებამდე, საზოგადოება უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ საწვავი ხარისხიანი შემოდის. შესაძლოა , საწვავი იმპორტირების პროცესში იყოს კარგი, დამაკმაყოფილებელი ხარისხის, მაგრამ უკვე ავზებში ბინძურდებოდეს ან ხდებოდეს მინარევების შერევა და ა.შ. ჩვენ მხარს ვუჭერთ პერიდულ ტექნიკურ ინსპექტირებას იმიტომ, რომ ჰაერი დასუფთავდეს. თუ ეს გვინდა, მაშინ საბოლოოდ უნდა დავრწმუნდეთ, რომ საწვავის ხარისხი არის ნორმალური. თუ ამ ჯაჭვს არ მოვაწესრიგებთ, მაშინ აზრი ეკარგება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დანიშნულებას. ჩვენ გვქონდა საუბარი გარემოს სამინისტროს წარმომადგენლებთან. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად არაერთი კონფერენცია ჩატარდა, სადაც ეს საკითხი დავაყენეთ, მაგრამ პასუხად მივიღეთ, რომ ასეთი სისტემა (რომ საწვავის ხარისხი კონტროლდებოდეს ქვეყანაში) თითქმის არ არსებობს. ასე რომ, ესაა ჩვენი მთავარი მოთხოვნა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დაწყებამდე.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია, ისაა, რომ ხშირად გვეუბნებიან, ტყვიის შემცველობა არ არის საწვავში,რომ ეს შემცველობა არ აჭარბებს ნორმას, მაგრამ ჩვენ ეს არ ვიცით და უბრალდ ნათქვამზე ვართ დამოკიდებული. გვინდა, რომ არსებობდეს მოდელი და არა ვიღაცების ნათქვამი, სადაც ყველანი დარწმუნებულები ვიქნებით, რომ გამოვიყენებთ ნორმალურ, ხარისხიან საწვავს. არაერთი შემთხვევა ყოფილა და პირადად მე მქონია, რომ საწვავმა ჩემი ავტომობილი გააფუჭა. ასე რომ, ეს უნდა მოწესრიგდეს. ჩვენ ხომ უნდა მივეხმაროთ ადამიანებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლისთვის, მიზანი ის ხომ არაა, რომ დავუშვათ ვიღაც დავაზიანოთ. ამიტომ, თუ მიხმარებაა, პირველ რიგში, საწვავის ხარისხით უნდა დავეხმაროთ და ამისთვის უნდა ჩამოყალიბდეს მოდელი და სისტემა იმის, თუ როგორ უნდა ხდებოდეს საწვავის ხარისხის კონტროლი.“ – დავით მესხიშვილი, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავჯდომარე
ირეცხება თუ არა ავზები, სადაც საწვავი ინახება? თუ ირეცხება, მაშინ რამდენ ხანში ერთხელ და ვინ აკონტროლებს ამ ყველაფერს? – ამ კითხვებით „თბილისი თაიმსმა“ რამდენიმე ნავთობკომპანიას მიმართა.
ვისოლი:
„ჩვენ გვაქვს სამი სახეობის ავზები: ბენზინის ტიპის, ბაზის, სტაციონალური ბაზის და მესამე- თვითონ ავტოგასამართი სადგურის. ირეცხება სამივე სახის ავზი. სავალდებულო წესით პირველი ექვს თვეში ერთხელ ირეცხება, წელიწადში ერთხელ კი – ავტოგასამართ სადგურზე და ნავთობბაზაში. ეს არის სტანდარტული პროცედურა. თუ რამე ფაქტი ხდება, მაშინ მომენტალურად ჩერდება პროდუქტის რეალიზაცია, მოდის შესაბამისი ბრიგადა, იღებს საწვავს და სპეციალური ხსნარებით მუშავდება რეზერვუარები. რამდენიმე ინსტანცია აკონტროლებს ამ ყველაფერს ერთდროულად.
გვაქვს სტაციონალური ლაბორატორიები, რომელიც ამოწმებს შემოსულ საწვავს, დახვედრილ საწვავს, დაყოვნებულ საწვავს, შემდეგ მიდის ავტოგასამართ სადგურებში. თვითონ ავტოგასამართ სადგურზე ვაკეთებთ ჩამოსხმებს (ხარისხის კონტროლის მართვის სამსახური აკეთებს ) და იქ არსებულ საწვავს ვამოწმებთ.“ – ბესო მამისაშვილი, ვისოლის ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლის მართვის მენეჯერი
გალფი:
„ჩვენი ავზები რეგულარულად ირეცხება. ამჟამად, კომპანიაში მიმდინარეობს დიდი რებრენდინგი. არა მხოლოდ იწმინდება, არამედ იცვლება ავზები.
ჩვენ ვიცავთ ყველანაირ ნორმებს, რაც აუცილებელია იმ რეგულაციების დაცვით, რომლითაც კომპანია მუშაობს.“
ნინი მაზიაშვილი