განსხავავებული ბიზნესი, რომელიც ჯანსაღი კვების მოყვარულთათვის შეიქმნა. ქართულ ბაზარზე პირველი ქართული დიეტურ და ფიტნეს საკვების სახლში მოტანის სერვისი გამოჩნდა. მომსახურებას ქართველ მომხმარებელს კომპანია ”ინებე” სთავაზობს, რომელმიც ბაზარზე 6-7 თვის წინ გამოჩნდა და დღეს მომხმარებელს რამდენიმე სახის მომსახურებას სთავაზობს. „თბილისი თაიმსს“ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მარიტა გენებაშვილი ესაუბრა „ინებეს“ შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
ჩვენს მკითხველს რომ მოუყვეთ, როგორ გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ დიეტური და ჯანსაღი საკვების სახლში მიტანის სერვისი „ინებე“?
– კომპანია „ინებე“ ჩემი და ჩემი მეუღლის ერთობლივი ბიზნეს პროეტქია. ყოველთვის დაინტერესებულები ვიყავით ჯანსაღი საკვების მომზადებით. რამდენიმე წლის წინ, აღმოვაჩინეთ, რომ ქართულ ბაზარზე არ იყო მსგავსი ტიპის სერვისი. ჩავთვალეთ, რომ ეს სასიამოვნო და საინტერესო სიახლე იქნებოდა მათთვის, ვინც საკუთარი კვების რაციონს დიდი ყურადღებას აქცევდა. აქედან გამომდინარე, ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ ჰობი გვექცია ბიზნესად და შევქმენით „ინებე“, რომელიც მომხმარებელს ადგილზე მიტანის სერვის სთავაზობს.
სად ხდება საკვების დამზადება და რამდენად არის დაცული მომზადების სტანდარტები?
– გვაქვს მაღალი სტანდარტის ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულო. თითოეული დანადგარი არის ევროპული, შეძენილი სპეციალურად სარესტორნე დანიშნულებისთვის. ამიტომ, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი საკვები არის შესაბამისი სტანდარტებითა და ჰიგიენური ნორმების დაცვით დამზადებული.
რამდენად მოთხოვნადია დიეტური საკვები ქართულ ბაზარზე?
– მოთხოვნა ბაზარზე საკმაოდ დიდია. ის ადამიანები, რომლებიც დაკავებულები არიან, არ აქვთ საშუალება თავად მოამზადონ ჯანსაღი საკვები, მათთვის ეს სერვისი საკმაოდ კომფორტულია. რადგან მთელი დღის კვება მისდით სასურველ ადგილზე და აღარ უწევთ ფიქრი თუ რა მოამზადონ ან სად შეიძინონ პროდუქტები.
რა სახის მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელებს?
– ამ ეტაპზე გვაქვს ჯანსაღი და დიეტური საკვების ოთხი პაკეტი. თითოეული მათგანი განსხვავებულია თავისი შემადგენლობითა და რაციონით.
ექსპრეს დიეტა – ეს არის ჯანსაღი, დაბალანსებული კვების რეჟიმი, რომელიც ექიმ ნუტრიციოლოგთან ერთად შევიმუშავეთ. ყოველდღიურ რაციონში შედის მრავალფეროვანი ცილები, ბოსტნეული, ბურღულეული, ხილი და ა.შ. ანუ ყველა ის საჭირო ნუტრიენტი, რაც ადამიანს ჯანსაღი ცხოვრებისთვის ესაჭიროება.
ფიტნეს დიეტა – ეს არის ფიტნეს ინსტრუქტორებთან ერთად შედგენილი რაციონი, რომელიც გათვალისწინებულია ადამიანებისთვის, რომლებიც შედარებით აქტიურ ფიზიკურ ცხოვრებას ეწევიან და სტაბილურად ვარჯიშობენ.ოდნავ მეტ კალორიას შიეცავს ექსპრეს საკვებთან შედარებით.
დუკანის დიეტა – მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ცილოვანი დიეტა. ჩვენ მათ ოფიციალურ წარმომადგენლობასთან ვთანამშრომლობთ, და ზედმიწევნით ვიცავთ ფრანგი ექიმის მიერ შემუშავებულ გაიდლაინებს.
პრემიერ დიეტა – ეს არის პალეო რეჟიმზე დაფუძნებული დიეტა, რომელიც პრემიერ სპასთან ერთად შევიმუშავეთ, და საუკეთესო შედეგებს იძლევა გასახდომ პროცედურებთან ერთად.
როგორია ფასები და ძირითადად რა სეგმენტისთვის არის გათვლილი?
– ექსპრეს და ფიტნეს დიეტა კვირაში ღირს 199 ლარი, ფასში შედის 4-ჯერადი კვება, ადგილზე მიტანის სერვისით. ამ საკვების გარდა მათ არ სჭირდებათ სხვა დამატებითი საკვები , წყლის და ჩაის ან ყავის გარდა(მათი სურვილით). რაც შეეხება დუკანს და პრემიერ დიეტას, რომელიც მოიცავს 5-ჯერად კვებას, 249 ლარი ღირს. საკვები აბსოლუტურად ხელმისაწვდომია საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე მომხმარებლებისთვის.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
– სამომავლოდ გვაქვს რამდენიმე პროექტი. ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც უახლოეს მომავალში შევთავაზებთ საზოგადოებას, არის „მოამზადე შენით“. რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს, შეეძლებათ ჩვენთან შეუკვეთონ კონკრეტული კერძის ინგრედიენტები და რეცეპტი. მათ სახლში მიუვათ მათთვის სასურველი ინგრედიენტები თავისი მომზადების წესით.
მარიამ ლეკიაშვილი