„რაც შეეხება გავრცელებულ ფოტოს და სპეკულაციებს აჰმედ ჩატაევის შესახებ, ჯერ არ შეგვიძლია არაფრის თქმა. სანამ საექსპერტო ბიუროს მიერ დასკვნა არ დაიდება, არავის აქვს უფლება ამტკიცოს იყო თუ არა ლიკვიდირებული ადამიანი აჰმედ ჩატაევი“ , – 21 ნოემბრის სპეცოპერაციის და სავარაუდო ტერორისტების ლიკვიდაციის შესახებ სამხედრო ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ „ტვ პირველზე“, გადაცემა „რეაქციას“ ეთერში ისაუბრა.
„არავინ იცის როგორ განვითარდებოდა პროცესები,რომ ყოფილიყო მყისიერი შტორმი. შეუძლებელია სწრაფი შტურმი გამოიყენო მოულოდნელობის ფაქტორით, როდესაც მოსახლეობის ევაკუაციას ახდენ. თუ ევაკუაციას გადაწყვეტ, მოულოდნელობის ფაქტორი აღარ არის. თუნდაც ერთი გასროლა ევაკუაციამდე იქნებოდა გაუმართლებელი და შესაძლოა მოჰყოლოდა დიდი მსხვერპლი მოსახლეობაში.
გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი ვინ არიან ლიკვიდირებული ადამიანები, ცხოვრობდნენ თუ არა ისინი 2 წლის განმავლობაში ამ კორპუსში. ევროპის წამყვან სახელმწიფოებში ტერაქტები მოაწყო იმ ადამიანებმა,რომლებიც წლების წინ მიგრაციით იყვნენ ჩასულები, ბუნებრივია ეს პრობლემები ჩვენთანაც არის. ექსპერტიზის და პირების იდენტიფიცირების შემდეგ უნდა დადგინდეს რა დაჯგუფებებთან ჰქონდათ კავშირი, აქვს თუ არა გაგრძელება. შემდეგი კითხვებია იარაღის წარმომავლობა, საიდან იყო შეძენილი.
ინტერნეტის ეპოქამ შეგვიცვალა აზროვნება, გვგონია,რომ რასაც დახურულ კარს მიღმა ვსაუბრობდით, უნდა გამოვფინოთ, რაც სწორი არ არის. მედიას ვერავინ აუკრძალავს,რომ გააშუქოს მსგავსი მოვლენები და არ მოიპოვოს ინფორმაცია. მეორე მხარეა,რომ ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა თუ როდის და რა ინტერვალით უნდა აჩვენო სპეცოპერაციის კადრები“ , – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.
მანანა ღოღობერიძე