იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა. როგორ აღმოჩნდა, წულუკიანს დოკუმენტის მიმართ შენიშვნები აქვს. კერძოდ, მინისტრის მიიჩნევს, რომ ახალ კონსტიტუციაში თუ მე-18 მუხლი უცვლელად დარჩება, სერვისების განვითარების სააგენტო, რომელიც ქვეყანაში ერთადერთი ყველაზე ბევრი პირადი მონაცემის დამცველია, დაცვის გარეშე თავად აღმოჩნდება.
“ერთი ძალიან პრინციპული პოზიცია მაქვს. ეს კონსტიტუციური კანონის მე-18 მუხლს და საჯარო ინფორმაციას ეხება. აქ სერიოზული ხარვეზებია. ტექნიკურით რომ დავიწყოთ, “პირადი საიდუმლოება” მოძველებული ცნებაა და გაპარული ხარვეზი პირადი მონაცემით უნდა შეიცვალოს. შინაარსობრივად მე-2, მე-3 პუნქტებთან დაკავშირებით უფრო სერიოზული პრობლემა გვაქვს. თუ ეს ასე დარჩა იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ალბათ ერთადერთი ყველაზე ბევრი პირადი მონაცემის დამცველია, დაცვის გარეშე თავად აღმოჩნდება. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სერვისების განვითარების სააგენტო დღეს ყველა ჩვენგანზე პირად მონაცემებს ინახავს და ეს მონაცემები მაღალი ხარისხითაა დაცული. წინააღმდეგ შემთხვევაში შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას ჩვენ ვერ მივიღებდით. კანონით ძალიან მაღალი ევროპული დაცვის ხარისხი გვაქვს და კონსტიტუცია კანონს ჩამორჩება. მე გთავაზობთ, რომ მე-18 მუხლი უფრო მაღალ სტანდარტზე ავწიოთ და ეს ორი პუნქტი ევროპულ სტანდარტს დავუახლოვოთ. სამოქალაქო რეესტრის უარს კონსტიტუციური საფუძველი ჰქონდეს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა ტერმინ ხმოსნის ”საარჩევნო კოლეგიით” შეცვლაზეც გააკეთა კომენტარი.
“ხმოსანი რატომ იცვლება. ეს რას ემსახურება? დასანანია, რომ ხმოსანი შემოგვქონდა და ახლა უნდა ამოვშალოთ. როდესაც კონსტიტუციას შემოაქვს და აფუძნებს ქართულ სიტყვების შემოღებას, ეს მისასალმებელია”, – განაცხადა წულუკიანმა.
საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების განხილვის ფარგლებში დღეს ბოლო შეხვედრა გამართა.
მმართველმა გუნდმა ახალი კონსტიტუციური პროექტი მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, 2020 წელს ბლოკები დაიშვება, ე.წ. ბონუსის სისტემა გაუქმდება. ასევე ცვლილებები ეხება კონსტიტუციაში არსებულ რელიგიურ ჩანაწერსა და საკონსტუტიციო სასამართლოს.