„ორი არასრულწოვანის გარდაცვალების შემდეგ იწყება პრევენციაზე საუბარი. უამრავი ბერკეტი არსებობდა იმისთვის,რომ ეს ზომები ადრე დაწყებულიყო და სკოლებში სამართლებრივი კულტურა დანერგილიყო. ამაში ჩართული უნდა იყოს არა მხოლოდ დამრიგებლის ინსტიტუტი, აქტიური თანამშრომლობა უნდა იყოს მანდატურის სამსახურთან“ , – ამის შესახებ ზოგადი განათლების დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ნინო კვიტაიშვილმა „რუსთავი 2“-ზე, გადაცემაში „განსხვავებული აქცენტები“ ისაუბრა.
„მნიშვნელოვანია უბნის ინსპექტორის ინსტიტუტიც. ბულინგი არ არის ერთეული შემთხვევა და ყველა ქვეყნის პრობლემაა. ბევრი ძალადობის ფაქტი ინტერნეტსივრციდან, კონკრეტული განცხადებიდან იწყება.ფაქტები მეტყველებს,რომ ბულინგს მოზარდები აწყდებიან ყოველდღიურობაში, ეს მათი სასკოლო ცხოვრების ნაწილია, ამას აქვს მასობრივი ხასიათი.
ის დრო,როდესაც ბავშვებმა სკოლა დატოვეს, 13:48 წუთი მე-6 გაკვეთილის მიმდინარეობის პერიოდია, ამიტომ უცნაურია. თუმცა თუ დირექტორის მოადგილემ შენიშნა, რომ ბავშვები სხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად გადაადგილდებოდნენ, სწორად მოიქცა,რომ მანდატური ჩააყენა საქმის კურსში. იმავე კლასის დამრიგებლის მიერ ინფორმაცია უნდა მიეწოდებინათ მშობლებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია რამდენად იყვნენ ინფორმირებული იმ ბავშვების მშობლები,რომლებიც პირველი ექსპერიმენტული სკოლიდან მოვიდნენ“ , – განაცხადა ნინო კვიტაიშვილმა.
მანანა ღოღობერიძე