“ბრძოლა თვითგადარჩენისთვის არის ბრძოლა თავისუფლებისათვის,” – ამის შესახებ, გიორგი ორბელაძე სოციალურ ქსელში წერს. გიორგი პროფესიით ფინანსისტია. წლებია ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდის მიმართულებით აქტიურობს და მისი პოზიციები ბოლო პერიოდში განსაკუთრებული რეზონანსულობით გამოირჩევა.
„თბილისი თაიმსი“ გიორგი ორბელაძის საინტერესო პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“რა არის თავისუფლება? აკეთო ის რაც გსურს? მოდი განვმარტოთ: “თავის” “უფალი”. შენი თავის ბატონ-პატრონი… შენი თავის უფალი.
ადამიანი არის თავისუფალი არსება.
ქრისტიანული მრწამსითაც და არა მარტო, ადამიანი თავისუფალია. ღმერთი არ აიძულებს ადამიანს მასთან ყოფნას, ღმერთი ეუბნება: “შენ ხარ თავისუფალი, შენივე სურვილით ან იქნები ჩემთან ან არა.” თავისუფლება არის მდგომარეობა, როდესაც არ ხარ არავიზე დამონებული. არ გზღუდავს არავინ და არაფერი. იქცევი ისე, როგორც გსურს.
თუმცა ჩვენს სამყაროში ეს უსასრულო არ არის და მისი ჩარჩო შენი პირადი სივრცეა. ამ სამყაროში შენ არ ხარ მარტო. შენი თავისუფლება მთავრდება იქ სადაც სხვისი იწყება. შენი თავისუფლება არ უნდა უშლიდეს ხელს სხვის თავისუფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა კანონზომიერება და ამას არც ღმერთი, არც ბუნება, არც სხვა ადამიანი არ უშვებს და თუნდაც ათეულობით საუკუნის შემდეგ ისევ ჰპოვებს ბალანსს. სწორედ ეს ამოძრავებს სამყაროს. ბრძოლა თვითგადარჩენისთვის არის ბრძოლა თავისუფლებისათვის.
მთელი ჩვენი ცხოვრებაც ეს არის – ბრძოლა თავისუფლების უკეთესი ხარისხის მოსაპოვებლად!
დიახ, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ თავისუფლების უკეთეს ხარისხს და არა სრულ თავისუფლებას, იმიტომ რომ სრული თავისუფლება თავისთავად გულისხმობს სხვისი თავისუფლების შეზღუდვას. თავისუფლებისკენ სწრაფვა არის სრული თავისუფლების წრფისკენ მიმართული მრუდი, რომელიც ამ წრფეს უსასრულოდ უახლოვდება, თუმცა არასდროს და ვერასდროს კვეთს.
დღეს ადამიანის თავისუფლების ხარისხი ბევრად მაღალია, ვიდრე 100 წლის წინ. თავისთავად 100 წლის წინანდელი მდგომარეობაც უმჯობესი იყო 200 წლის წინანდელთან შედარებით. მომავალი 100 წლის განმავლობაშიც იმედი მაქვს ჩვენ კიდევ უფრო მივუახლოვდებით სრულ თავისუფლებას.
ტენდენცია დადებითია და ეს მახრებს…
თუმცა მაშინებს ის ფაქტიც, რომ სამყაროში ყველაფერი წრეზე ბრუნავს და შეიძლება (თუ აუცილებლად არა) თავისუფლების ხარისხმა პოგრესის ნაცვლად რეგრესი განიცადოს.
ეს ხომ უკვე მოხდა?
მილიონი წლის წინ ადამიანი ბევრად თავისუფალი იყო ვიდრე დღეს. თუმცა გონებრივად შედარებით განუვითარებელი და ადვილად დათმო ბუნების ნაჩუქარი მგომარეობა.
მეშინია, რადგან ჩვენი გონებრივი განვითარება წყდება ისე, რომ ადამიანებს ჯერ კიდევ არ გვაქვს გასიგრძეგანებული თავისუფლების არსი. ისევე როგორც მილიონი წლის წინ ვერ მივხვდით რა დავკარგეთ.
ადამიანებს ჯერ კიდევ აქვთ თავისუფლების არასწორი აღქმა.
თავისუფლება ჰგონიათ გარყვნილება, თავისუფლება ჰგონიათ ნარკოტოკი, თავისუფლება ჰგონიათ აზარტული თამაშები და ა.შ ვინაიდან საუკუნეების მანძილზე ადამიანი შეზღუდული იყო ამ ყველაფრისგან და მისი ქვეცნობიერი ფიქრობს , რომ მათში ჰპოვებს ის ამ ნანატრ შეგრძნებას. თუმცა ვერ აცნობიერებს, ასეთი თავაშვებული, გამგელებული და მშიერი რომ დაეწაფება მათ, როგორი მონა ხდება ამ ყველაფრის! როგორ ვიქნები მე თავისუფალი თუ მონა ვარ გარყვნილების? როგორ ხარ შენ თავისუფალი თუ ნარკოტიკმა დაგიმონა და მის გარეშე არ შეგიძლია? რა მნიშვნელობა აქვს რისი მონა იქნები? რთულია ძალიან მიხვდე …
ერთში კი დარწმუნებული ვარ ჩემი სუბიექტური ხედვით:
თავისუფლება სიკეთეშია! და კარგავ მაშინ როდეასც ბოროტება გძალავს.
სიკეთე ავტომატურად გამორიცხავს სხვის შეზღუდვას. აი ბოროტება კი პირიქით.
გვსურს თავისუფლები ვიყოთ?
დავივიწყოთ ბოროტება.
ბოროტება გვაშორებს ჩვენ თავისუფლებას!
და რა არის ბოროტება? ესაა სიკეთისგან დაშორება, სიკეთის არ კეთება, სიკეთის არ ქმნა ! შუალედური მდგომარეობა არ არსებობს! ბოროტებაა ყველაფერი რაც არაა სიკეთე!
დაე ვაკეთოთ სიკეთე და ვიყოთ თავისუფლები!”