„მე არ ვიცი, ასეთი ბედი მარგუნა ღმერთმა, რომ აღმოვჩნდი მთავარი სამიზნე მარტო პოროშენკოსი კი არა – უკრაინის მთელი ოლიგარქიის. მათ ეგონათ,რომ თვალს ჩამიკრავდნენ, ჩვენ ხომ ძმები ვართ, მოდი ფული გავიყოთო. რომ გავყოლოდი, დღეს მე მექნებოდა მინიმუმ 200 მილიონი დოლარი. ოდესაში შეიძლებიდა 2 -ჯერ მეტი ფულის შოვნა, ვიდრე მთელ საქართველოში“ , -ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ზე, „შაბათის კურიერის“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
„კარვიდან წავედი დაცვის გარეშე, რადგან ვთქვი, თუ უნდათ წაყვანა წამიყვანონ. არ მინდოდა სანდრას და ყველას თანდასწრებით სისხლისღვრა. საკანი იყო ნომერი 13, ეს იყო ერთადერთი, სადაც იყო შხაპი. საჭმელზე უარს ვამბობდი, ამიტომ ვერ შევაფასებ და ჩაი მოჰქონდათ ხოლმე. ბადრაგი იყო უკიდურესად კეთილგანწყობილი და სოლიდარული. მე ვიყავი სრულიად მშვიდი და მობილიზებული, როგორ შეგვეცვალა სიტუაცია. მთელი ღამე ეზოში ჰქონდათ ჩართული მუსიკა, სრულიად უგემოვნო რუსული სიმღერები, რომ არ გამეგონა ხალხის ხმა ქუჩიდან. გათავისუფლებას ველოდი, მათ საქმე ჰქონდათ მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყნიდან გამაძევონ. ლუცენკო არის ადამიანი,რომელსაც აქვს ღალატის გრძელი ისტორია, მებრძოლებისთვის ზურგში დანის ჩარტყმის. მისი მთავარი თვისებაა,რომ ძალიან უყვარს ფული, არანაირ მორალურ პრინციპებზე არ არის ლაპარაკი, პოროშენკომ ბოლომდე „დაავერბორკა“.
უკრაინული ტრადიციაა,რომ პრეზიდენტებს ყოველთვის ჰყავდათ ამოჩემებული ერთი ადამიანი, კუჩმას ჰყავდა ამოჩემებული ქართველი ჟურნალისტი ღონღაძე, იანუკოვიჩს ამოჩემებული ჰყავდა იულია, პოროშენკოს ამოჩემებული ვყავარ მე. მე არასდროს არავინ მყავდა ამოჩემებული – რატომ უნდა ამოიჩემო ვინმე და გადაწყვიტო, რომ მთელი ცხოვრების მთავარი მიზანია ამ ადამიანთან ბრძოლა, მითუმეტეს, თუ იმ ადამიანს არ აქვს არც ფული, არც თანამდებობა, არც ჯარი ჰყავს, არც რაიმე ისეთი იცის, რამაც შეიძლება შენი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.
ყველა გამოწვევა არის შანსი. 2008 წელს გავუძელით. თბილისში კაბინეტში ვიჯექი, საფრანგეთიდან, ამერიკიდან მირეკავდნენ, მოდიან რუსები მოსაკლავად, 2 საათში მანდ იქნებიანო. ვინმემ შეატყო, რომ ნერვი ამიტოკდა? რომ ატრიალებენ კადრებს, გორში დაცვა რომ დამახტა თავზე და ვაი, რა მშიშარააო ამბობენ. ვინ ატრიალებს ამას, მხდალი, ნაძირლები. თვითონ მტერთან თანამშრომლობდნენ. მე, პრეზიდენტი, ვიდექი იქ, სადაც ბომბები იყო და რომ დაინახა დაცვამ, რომ ბომბდამშენი თავზე გვადგას, დამახტა თავზე. ეს მთელი მსოფლიოსთვის იყო გამბედაობის სიმბოლო და მართლა იმ „ფარჩაკებისთვის“, ვინც ჩვენ გვაკრიტიკებს საქართველოში – თავიანთი სიმხდალის. როდესმე ვინმემ ნახა, რომ მტერს ზურგი შევაქციე და თავი დავუხარე, რომელიმე სიტუაციაში? ამათ ვიღაცაში ვეშლები. ასეთ სიტუაციაში მე ვმობილიზდები, ვარ კარგ ფორმაში, ადრენალინი მაქვს და რაღაც მომენტში კარგ ხასიათზე ვდგები. ვერ ვიტყვი, რომ 2008 წელს კარგ ხასიათზე ვიყავი, მაგრამ აქ ნამდვილად კარგ ხასიათზე ვიყავი“ , – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მანანა ღოღობერიძე