პროფესიით ექიმია. სანამ მედიცინის სფეროში მოხვდებოდა, ბავშვობიდან ჰქონდა გატაცება, მუდმივად ახლის შექმნისა და რაღაც საინტერესოსკენ მიისწრაფოდა. ხატვის მისებური, განსხვავებული სტილი ჰქონდა. ხატავდა ყველგან და აკეთებდა ყველაფრისგან. ბავშვობაში პლასტელინისა და კვერცხის ნაჭუჭებისგან ჩაის ჭიქებიც კი გააკეთა. სურვილის მიუხედავად ჩაებარებინა სამხატვრო აკადემიაში, გარკვეული მიზეზების გამო სამედიცინო უნივერსიტეტში აღმოჩნდა. ხანგრძლივი განშორების მიუხედავად, დღეს ადვილად იპოვო საკუთარი ადგილი სამყაროში. ნანა ბეიტრიშვილი ქმნის თოჯინებს, ბროშებს, შარფებსა, სადგამებს, ბალერინებს. “ნანას თოჯინების” შექმნაზე, მის წარმატებებზე და გეგმებზე „თბილისი თაიმსიდან“ შეიტყობთ
თქვენ შესახებ რომ მოუყვეთ ჩვენს მკითხველს, როგორ მოხვდით ხელოვნების სფეროში?
– „სტუდენტობიდან მოყოლებული სულ ვკერავდი. ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებულადაც გამომდიოდა, რადგან არაერთხელ მქონდა შემოთავაზება გამეკეთებინა თეატრალური დადგმისთვის კოსტიუმები. ამავე პერიოდში დავიწყე გალობა, მიუხედავად იმისა, რომ არ მქონია არანაირი მუსიკალური განათლება.სულ მალე სკოლაში მიმიწვიეს და ერთი წელი ვიმუშავე გალობის პედაგოგად. ამის შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლაში ხელოვნების მასწავლებლადაც ვმუშაობდი. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში არ მქონდა განათლება, ღვთის წყალობით, ყველაფერი მარტივად ვისწავლე. შეიძლება ითქვას, ხელოვნება არც არასდროს მიმიტოვებია, თავისუფალ დროს სამკაულებს ვაკეთებდი და ვყიდდი.“
საიდან გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ თოჯინები?
–„ერთ დღეს, შეხვედრაზე, ჩემს მეგობარს გულსაკიდი თოჯინა ეკიდა, რომელიც მთლიანად ლითონისგან იყო ჩამოსხმული. თოჯინას პაწაწინა წულის კაბა ეცვა და ხელში ასეთივე პაწაწინა ჩანთა ეკავა. სწორედ აქედან გამიჩნდა იდეა, გამეკეთებინა მსგავსი სახის თოჯინები. წავედი მაღაზიაში და ვიყიდე ყველაფერი, რაც მსგავსი თოჯინის შექმნაში დამეხმარებოდა. თუმცა, იმ დროს წარმოდგენაც არ მქონდა როგორ უნდა გამეკეთებინა. პირველი თოჯინა საკმაოდ წარმატებით გავაკეთე და მას შემდეგ მუდმივად ვცდილობ, განვვითარდე და კიდევ უფრო მეტად დავხვეწო ჩემი თოჯინები.
რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში ხელოვნებას და როგორია შექმნის პროცესი?
– თოჯინების შექმნის პროცესი საოცრად შრომატევადია. თითოეული დეტალი ცალ-ცალკე კეთდება, თითოეულ მათგანს სპეციფიკური ცოდნა სჭირდება, რაც ძალიან დიდი დროსა და ენერგიას მოითხოვს. თოჯინების კეთება რომ დავიწყე, მოგვიანებით გამახსენდა, რომ პატრიარქმა ერთ-ერთ წელს მოგვცა კურთხევა, თოჯინები გაგვეკეთებინა და ერთმანეთისთვის გვეჩუქებინა. თოჯინის შექმნის პროცესი იმდენად სასიამოვნო, თითოეული თოჯინა იმდენად საყვარელია ჩემთვის, რომ ყოველთვის მაქვს სურვილი, რომ კარგი ადამიანის ხელში მოხვდეს. თითქოს ადამიანის მეგობრად იქცევა, ადამიანის მეორე პატარა „მეა“. ადამიანის ორეულია. სწორედ ამიტომ მოსწონთ ეს ნამუშევრები, თითქოს საკუთარ თავს პოულობენ მათში. თითქოს ცოცხლები არიან. ჩემს თოჯინებს არ აქვთ სახე – თვალები პირი და ა.შ, ანუ იმას, რასაც ზოგადად სახე და მიმიკა გამოხატავს, ჩემი გოგონები გამოხატავენ პლასტიკით, ჩაცმულობითა და ფერებით. ვფიქრობ, რომ თუ თოჯინა ორეულია სახე მისი ინდივიდუალური წარმოსახვით უნდა შეიქმნას.
როგორია ნამუშევრის ფასები და სად შეიძლება მათი შეძენა?
– თოჯინების ფასები 15 ლარიდან იწყება და განსხვავებულია მითი ზომების მიხედვით. ჩემთვის მთავარია ჩემი თოჯინები იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. ჩემთვის მთავარი ის კი არაა ჩემი თოჯინები გავყიდო, არამედ ის, რომ იყიდონ. ხელოვნება ცოტა შორს დგას ბიზნესისგან, ამიტომ აუცილებელია დავიცვათ ის შუალედი, რათა არ დაიკარგოს შემოქმედებითი პროცესით მიღებული სიამოვნება და არ გაქრეს ხელოვნების განსკუთრებული ძალა. ჩემი ნამუშევრების შეძენა ფეისბუკის გვერდის გარდა, შესაძლებელია ხელნაკეთი ნივთების მაღაზიებში – „სკივრსა“ და „კომოდში“.
როგორია კონკურენცია და რამდენად მოთხოვნადია თოჯინები ბაზარზე?
– რაც შეეხება კონკურენციას, როგორც მე ვიცი, მსგავსი სახის თოჯინებს საქართველოში არავინ ამზადებს, შესაბამისად ამ მხრივ არ გვაქვს კონკურენცია. მომხმარებლისთვის ეს სიახლეა და მათ ძალიან მოსწონთ. ხშირად ყიდულობენ და სულ თან ატარებენ. ეს ყველაფერი იმდენად ახალია, რომ ხშირად მირეკავენ და მთხოვენ გავაკეთო სასწავლო ვიდეო გაკვეთილები, თუმცა ჯერ თავს ვიკავებ. რადგან ისევ ძიებისა და ჩამოყალიბების პროცესში ვარ.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და რა სიახლეებს სთავაზობთ საახალწლოდ მომხმარებლებს?
– სამომავლოდ ვგეგმავ სამზარეულოს თოჯინების გაკეთებას, რომელსაც მალევე შევთავაზებ ჩემს მომხმარებლებს. ასევე, ვგეგმავ ბეწვიანი თოჯინებს ხაზის დამატებას. ცოტა ხნის წინ ჩემი თოჯინები გავაგზავნე ბაქოში, გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ფოლკლორის ცენტრში უახლოეს მომავალში იგეგმება ჩემი პერსონალური გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც ჩემი პაწაწინა თოჯინები, ასევე ძველი ნამუშევრებიც. ძალიან მინდა, უფრო მეტი ყურადღება მიექცეს თოჯინურ ხელოვნებას და მეტი ხელშეწყობა ჰქონდეს მის განვითარებას . წარმატებებს ვუსურვებ ყველა მეთოჯინეს და ზოგადად ხელოვანს!
მარიამ ლეკიაშვილი