2024 წლიდან საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებს ახალი სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ. აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის დოკუმენტი, რომელიც მთავრობამ მიიღო, განსაზღვრავს თუ რა ცოდნას, უნარ-ჩვევებს, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს უნდა ფლობდეს აღმზრდელ-პედაგოგი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში სააღმზრდელო-პედაგოგიური საქმიანობის დაგეგმვის, წარმართვისა და შეფასებისთვის. უფრო დეტალური ინფორმაციის გასაგებად The Tbilisi Times საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა.
სამინისტროში განაცხადეს, რომ სტანდარტის ამოქმედებიდან 2024 წლის 1 სექტემბრამდე, აღმზრდელ-პედაგოგი ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს:
1. ფლობდეს სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ნებისმიერ მიმართულებაში/დარგში/სპეციალობაში, ჰქონდეს აღმზრდელის ან აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 4-წლიანი გამოცდილება და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება;
2. ჰქონდეს ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება;
3. მუსიკის აღმზრდელ-პედაგოგი უნდა ფლობდეს უმაღლეს ან პროფესიულ სამუსიკო განათლებას და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება.
ნინო ზარიძე